„პროგრამული უზრუნველყოფა დასახვეწია – ხარჯების ნაწილი თავისთავად გაიზრდება“

1-ელი ივნისიდან კანონით გათვალისწინებულ სექტორებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ყოლის ვალდებულება უჩნდება, აღნიშნულ სექტორებშია სადაზღვევო მიმართულებაც.

როგორც სადაზღვევოს ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, ცვლილებები სადაზღვევოს სექტორს ხარჯებს გაუზრდის.

„ხარჯების ნაწილს გაუზრდის თავისთავად, ინვესტიცია და ადამიანური რესურსებია საჭირო. ყველას, ვინც ამაში ანგარიშვალდებული ხდება, გაეზრდება ხარჯები, მათ შორის საუბარია საინვესტიციო ხარჯების გაზრდაზეც“, - განაცხადა ხეჩინაშვილმა.

კითხვაზე, კადრების შერჩევისას რა პრინციპით იხელმძღვანელებს სექტორი, ასოციაციის ხელმძღვანელი გვპასუხობს, რომ შესაძლოა, კადრი გადაამზადონ, ან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის პოზიციაზე ახალი თანამშრომელი აიყვანონ.

„შევასრულებთ, რასაც ითხოვენ. კადრების პრობლემა ჩვენ ჯერ არ დაგვდგომია. ვფიქრობთ, როგორ გავაკეთოთ კადრების შერჩევა, ვიღაც აიყვანს კადრს, ვიღაც გადაამზადებს ან გააკეთებს აუთსორსს, გააჩნია, მოცულობა რამხელა აქვს კომპანიას“, - ამბობს ასოციაციის ხელმძღვანელი.

რაც შეეხება გამოწვევებს, ხეჩინაშვილის განცხადებით, პროგრამული უზრუნველყოფა არის დასახვეწი. კითხვაზე, საკმარისია თუ არა დრო სადაზღვევო სექტორის გადასაწყობად, ხეჩინაშვილი პასუხობს, რომ ვადების ნაწილშიც IT-ის პრობლემა დგას.

„პროგრამული უზრუნველყოფაა დასახვეწი. არ არის მარტივი თემა, ინვესტიცია სჭირდება როგორც კადრების, ასევე სისტემის მოგვარების ნაწილს. IT სისტემა არის დასახვეწი მინიმალური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. IT-ის პრობლემა ყოველთვის დგას, მათ შორის, ვადების ნაწილში - სწრაფად არაფერი იწერება. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ვთანამშრომლობთ ინსპექტორთან. მე იმედი მაქვს, რომ გავალთ ფონს“, - განაცხადა დევი ხეჩინაშვილმა.

იხილეთ ასევე: „ჯარიმა 1 000 ლარიდან 20 000-ლარამდე იქნება“ - ვის უჩნდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ყოლის ვალდებულება

მერი ტაბატაძე