შიდა ფრენებზე აეროპორტების გაერთიანებამ 23.2-მილიონიანი ტენდერები გამოაცხადა

შიდა მიმართულებით საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანის მომსახურების შესყიდვის მიზნით საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ 2 ტენდერი გამოაცხადა. ჯამში შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 23 197 093 ლარია.

ერთ-ერთი ტენდერი უკავშირდება თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ფრენების გადაყვანის უზრუნველყოფას. მგზავრთა რაოდენობა არანაკლებ 40 უნდა იყოს. ამასთანავე, შესყიდვის პირობების თანახმად, საჰაერო ხომალდით შესაძლებელი უნდა იყოს თითოეული მგზავრისთვის არანაკლებ 15კგ. თანმქონი ბარგის გადატანა. აღნიშნული ტენდერის ღირებულება 8 178 197 ლარს შეადგენს. წინადადებების მიღება 2 მაისს დაიწყება და 7 მაისს დასრულდება.

რაც შეეხება მეორე ტენდერს, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 15 018 896 ლარი იქნება. წინადადებების მიღება ამ შემთხვევაშიც 2 მაისს დაიწყება და 7 მაისს დასრულდება. ტენდერის პირობების თანახმად, საჰაერო ხომალდზე ადგილების რაოდენობა, მიმართულებების მიხედვით ასე გამოიყურება:

  • თელავი-ბათუმი-თელავის მიმართულებაზე - არანაკლებ 40 ადგილიანი;
  • თბილისი-ამბროლაური-თბილისის მიმართულებაზე - არანაკლებ 40 ადგილიანი;
  • თბილისი-ქუთაისი-თბილისის მიმართულებაზე - არანაკლებ, 40 ადგილიანი;
  • თელავი-ქუთაისი-თელავის მიმართულებაზე - არანაკლებ, 40 ადგილიანი;
  • თელავი-ამბროლაური-თელავი მიმართულებაზე - არანაკლებ, 40 ადგილიანი;
  • თელავი-თბილისი-თელავის მიმართულებაზე - არანაკლებ, 40 ადგილიანი;
  • მესტია-ბათუმი-მესტიის მიმართულებაზე - 15 ადგილიანი;
  • მესტია-ქუთაისი-მესტიის მიმართულებაზე - 15 ადგილიანი;
  • მესტია-თბილისი-მესტიის მიმართულებაზე - 15 ადგილიანი;
  • მესტია-ამბროლაური-მესტიის მიმართულებაზე - 15 ადგილიანი;
  • მესტია-თელავი-მესტიის მიმართულებაზე - 15 ადგილიანი.

ამასთანავე, საჰაერო ხომალდზე, შესაძლებელი უნდა იყოს, თითოეულ მგზავრზე, არანაკლებ 15 კგ თანმქონი ბარგის ატანა.

იხილეთ ასევე: ბათუმიდან თბილისის, მესტიისა და თელავის მიმართულებით ავიარეისები იგეგმება - რა ეღირება მგზავრობა

მერი ტაბატაძე