რა ინფორმაცია გაამჟღავნა  ეროვნულმა ბანკმა - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ეროვნული სამსახურის ანგარიში

„საანგარიშო პერიოდში სამსახურის მიერ გამოვლინდა სსიპ „საქართველოს ეროვნული ბანკის“ მხრიდან შესაბამისი საფუძვლის გარეშე მონაცემთა დამუშავების, კერძოდ, გამჟღავნების ფაქტი“,- ამის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ეროვნული სამსახურის 2023 წლის ანგარიშშია საუბარი.

დოკუმენტის თანახმად, დადგინდა, რომ განმცხადებლებსა და ერთ-ერთ კომერციულ ბანკს შორის მიმდინარე დავის ფარგლებში მიღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სსიპ „აღსრულების ეროვნულ ბიუროში“ მიმდინარეობდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების აღსრულების პროცესი. მასთან მიმართებით კი ინფორმირებული იყო ეროვნული ბანკი კომერციული ბანკის მიმართვით და აღსრულების ეროვნული ბიუროს წერილით.

როგორც ანგარიშში წერია, თავის მხრივ, ეროვნულმა ბანკმა თბილისის საქალაქო სასამართლოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს, საქართველოს უზენაეს სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გაუგზავნა წერილი და მიაწოდა ინფორმაცია განმცხადებლების მიმართ მიმდინარე საქმისწარმოების დეტალებისა და დავის პრეცედენტულობის თაობაზე.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ეროვნული სამსახურის განმარტებით, წერილში სრულად აისახა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის აღსასრულებელი განჩინების სარეზოლუციო ნაწილი, მათ შორის, განმცხადებლების მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და, ასევე, საბანკო ანგარიშების რეკვიზიტები.

ეროვნული ბანკის შეფასებით, პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია არ გამჟღავნებულა, რამდენადაც მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო განჩინების არსებობის პირობებში, ხოლო სადავო წერილის შინაარსი მიემართებოდა ლეგიტიმურ მიზანს, მიეწოდებინა ზოგადი ინფორმაცია „კრიპტოვალუტით“ ვაჭრობის ეროვნული და საერთაშორისო რეგულაციების თაობაზე სასამართლო სისტემაში შემავალი ყველა უწყებისთვის, სასამართლო ხელისუფლების ერთიანობის გათვალისწინებით.

„სამსახურის შეფასებით, განმცხადებელთა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციისა და საქმის რეკვიზიტების ასახვის გარეშე წერილი დავის განმხილველ მოსამართლესთან შესაძლოა ვერ მოხვედრილიყო, ხოლო მასში ასახული მონაცემები თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებისთვის უკვე ხელმისაწვდომი იყო, რადგან ისინი სარჩელის წარდგენისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ განჩინების გასაჩივრების მომენტიდან ფლობდნენ კორესპონდენციაში მითითებულ პერსონალურ ინფორმაციას, მათ შორის, იცოდნენ სააღსრულებო ფურცლის გაცემის და განჩინების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ფაქტობრივი მოცემულობის თაობაზე. ამასთან, ორივე სასამართლოსთვის 28 საქმე მიმდინარე განხილვის რეჟიმში იყო და ამ თვალსაზრისით, დასახელებული უწყებებისთვის ეროვნული ბანკის წერილი განმცხადებელთა შესახებ ახალ მონაცემებს არ შეიცავდა.

რაც შეეხება საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის ზემოხსენებული წერილის ასლის გაგზავნის საკითხს, განხილვის ფარგლებში გაანალიზებულ იქნა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმები და დადგინდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანშეწონილობის განხილვა და შესაბამისი განჩინების გამოტანა, რომელიც შემდგომ გასაჩივრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, საქართველოს უზენაეს სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მონაცემთა დამმუშავებლებად ავტომატურად ვერ აქცევს.

ამასთან, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე გამოტანილი განჩინების გასაჩივრების ინსტანციურობა მხოლოდ სააპელაციო სასამართლოთი შემოიფარგლება, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმოებაში კონკრეტული საქმე იქამდე ვერ მოხვდება, სანამ დავა, სულ მცირე, სააპელაციო საჩივრის განხილვის ეტაპს არ მიაღწევს, რის ფარგლებშიც შესაძლებელია საკასაციო ინსტანციას გადაეცეს საჩივრის/კერძო საჩივრის ან/და საკასაციო საჩივრის განსახილველად.

რაც შეეხება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, იგი საერთო სასამართლოთა სისტემისგან განყენებულ უწყებას წარმოადგენს და კანონით განსაზღვრული საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში არის მონაცემთა დამოუკიდებელი დამმუშავებელი. შესაბამისად, სამსახურმა არ გაზიარა ეროვნული ბანკის მიერ მონაცემების დამუშავების კანონიერების საფუძვლად მითითებული არგუმენტაცია, რომლის მიხედვითაც, საქართველოს უზენაესი სასამართლო და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, სასამართლო სისტემის ერთიანობის გათვალისწინებით, თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მსგავსად, უკვე ფლობდნენ წერილში კონკრეტული სასამართლო დავის შესახებ ასახულ ინფორმაციას. კანონის შესაბამისად, მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დაცვის მიზანთან დაკავშირებით კი, რომელზეც ასევე მიუთითებდა სსიპ „საქართველოს ეროვნული ბანკი“, სამსახურმა აღნიშნა, რომ ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების საფრთხის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების მიღება უდავოდ საყურადღებო საჯარო ინტერესია, თუმცა, დასახელებული საფუძვლით მონაცემების 29 დამუშავება იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ლეგიტიმურად, თუკი პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებაში ჩარევა საჯარო ინტერესის მიღწევის ადეკვატური და პროპორციული საშუალებაა.

მოცემულ შემთხვევაში მონაცემთა დამმუშავებლის მხრიდან მნიშვნელოვან საჯარო ინტერესზე მარტოოდენ მითითება ვერ იქნა მიჩნეული საკმარისად განმცხადებელთა პერსონალური მონაცემების იმ სახელმწიფო დაწესებულებებისთვის გამჟღავნების კანონიერებისთვის, რომლებიც, კომპეტენციის ფარგლების გათვალისწინებით, კონკრეტული სასამართლო დავის განხილვასა და გადაწყვეტაში არ მონაწილეობდნენ. მეტიც, თეორიულად შესაძლებელია (მით უფრო, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემთხვევაში), რომ განმცხადებლების მონაწილეობით „კრიპტოვალუტით“ ვაჭრობასთან დაკავშირებული დავის განხილვა მათ უფლებამოსილებას არასდროს დაექვემდებაროს.

თავის მხრივ, სპეციფიკურ თეორიულ/სამართლებრივ გარემოებებზე სასამართლო ხელისუფლების ინფორმირება შესაძლოა ემსახურებოდეს კვალიფიციური და ყოველმხრივ გაანალიზებული გადაწყვეტილებებით მართლმსაჯულების განხორციელების მიზანს, თუმცა, მიჩნეულ იქნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მითითებული მიზნის მიღწევა შესაძლებელი იყო განმცხადებლების პერსონალური მონაცემების გამჟღავნების გზით მათ უფლებაში ჩარევის გარეშე. შესაბამისად, დადგინდა, რომ ეროვნულმა ბანკმა მონაცემები საქართველოს უზენაეს სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გაუმჟღავნა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლ(ებ)ის გარეშე, რაც წარმოადგენს ამავე კანონის 43-ე მუხლით განსაზღვრულ სამართალდარღვევას“,- ნათქვამია ანგარიშში.

ნინი ქეთელაური