პოლიტიკოსების მხრიდან საქართველოში პურის ფასი მსჯელობის საგანი კიდევ ერთხელ გახდა. პარლამენტში, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში ლევან დავითაშვილს უსმენდნენ, „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მინისტრს მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველოში პური რეგიონის მასშტაბით ყველაზე ძვირი ღირს.
„გაზრდილი ფასების პირობებში რეკორდი მოხსენით. თქვენ როგორც ეკონომიკის მინისტრმა, მთელ რეგიონში მოხსენით რეკორდი ფასების კუთხით, პური საქართველოში ყველაზე ძვირი ღირს მთელ რეგიონში, სომხეთზე და აზერბაიჯანზე ძვირი ღირს“, - განაცხადა ვაშაძემ.
საპასუხოდ კი დავითაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე იაფი პროდუქტი პურია.
“ვფიქრობ, ესეც პოპულისტური განცხადებაა, ამით - პურის ფასით არ განისაზღვრება კეთილდღეობა, არც წარმატება და არც - წარუმატებლობა. ჩვენ გვინდა, რომ ხელმისაწვდომი იყოს ჩვენი მოსახლეობისთვის ყველა პროდუქტი, მათ ჰქონდეთ მეტი შემოსავალი და ფასებიც იყოს ზომიერი. ამ ფასებს, მათ ზრდას და შემცირებას, თავისი ობიექტური ახსნა აქვს”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ღირს პური მეზობელ ქვეყნებში. აღმოჩნდა, რომ საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის პურის სიძვირით მე-3 ადგილზეა, მსოფლიოს 94 ქვეყანას შორის კი 75-ე ადგილზე. ამის შესახებ აღნიშნულია სტატისტიკის გლობალურ მონაცემთა ონლაინ ბაზის, Numbeo-ს 2024 წლის აპრილის რეიტინგში.
Numbeo-მ 94 ქვეყნის რეიტინგი 500-გრამიანი თეთრი პურის ფასების მიხედვით შეადგინა, რომელშიც საქართველო 0,65-დოლარიანი ფასით არის წარმოდგენილი და 75-ე ადგილს იკავებს.
მეზობელ ქვეყნებს შორის კი ყველაზე იაფი პროდუქტი აზერბაიჯანშია, (91-ე ადგილი) სადაც 500-გრამიანი თეთრი პური 0,44 დოლარი ღირს, რუსეთში (87-ე ადგილი) - 0,51 დოლარია. საქართველოზე ძვირი პური ღირს თურქეთში (73-ე ადგილი) - 0,68 დოლარი, სომხეთში კი (70-ე ადგილი), 500-გრამიანი პურის ფასი 0,72 დოლარია.