მსხლის იმპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა - რა ფასად ვყიდულობთ ერთ-ერთ ყველაზე გაძვირებულ პროდუქტს

მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მსხალი ყველაზე გაძვირებულ 10 პროდუქტს შორის მოხვდა. საქსტატის მონაცემებით, ფასის ზრდამ საშუალოდ, 32% შეადგინა.

ამასთან, მსხლის იმპორტი, როგორც წლიურ, ისე თვიურ ჭრილში ისტორიულ მაქსიმუმზეა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს საქართველომ 1 906 ტონა (970.8 ათასი აშშ დოლარის) პროდუქტი შეიძინა, რაც გასულ წლებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. შედარებისთვის, 2022 წელს 1 708 ტონა (925.5 ათასი აშშ დოლარი) მსხლის იმპორტი განხორციელდა, 2021 წელს 815.5 ტონა (404.5 ათასი აშშ დოლარი), 2020 წელს 683.9 ტონა (396.4 ათასი აშშ დოლარი) და ა.შ.

რაც შეეხება თვიურ მონაცემებს, წელს იანვარ-თებერვალში 418.8 ტონა (274.2 ათასი აშშ დოლარი) მსხალი შემოვიდა, რაც ასევე, გასული წლების ანალოგიურ პერიოდებთან შედარებით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. შედარებისთვის, 2023 წლის 2 თვეში 368.9 ტონა მსხალი შემოვიდა, 2022 წლის იანვარ-თებერვალში 250.9 ტონა და ა.შ.

ამავე მონაცემებზე დაყრდნობით, გამოდის, რომ წელს იანვარ-თებერვალში საქართველომ 1 კგ მსხალი საშუალოდ 65 ცენტად შეიძინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საშუალოდ, 50 ცენტად.

აღსანიშნავია, რომ წელს (იანვარ-თებერვალში) მსხლის იმპორტი მხოლოდ სამი ქვეყნიდან განხორციელდა. ესენია: თურქეთი - 318.4 ტონა (109.6 ათასი აშშ დოლარი), ნიდერლანდები - 91.9 ტონა (161.8 ათასი აშშ დოლარი) და უკრაინა - 8.45 ტონა (2.78 ათასი აშშ დოლარი).

ნინი ქეთელაური