ვინ რამდენი უცხოური ალკოჰოლი შეიძინა გასულ წელს - Top-10 ქვეყანა

აშშ გასული წლის შედეგებით უცხოური ალკოჰოლური სასმელების უმსხვილესი შემსყიდველი იყო, ღვინო კი მსოფლიოში მთავარი იმპორტირებული სასმელია. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ წამყვანი იმპორტიორი ქვეყნების სტატისტიკის ეროვნულ სამსახურებზე დაყრდნობით ავრცელებს.

კერძოდ, აშშ-მა შარშან უცხოური ალკოჰოლის შესყიდვაზე, 2022 წელთან შედარებით, 8%-ით ნაკლები, 26 მლრდ დოლარი დახარჯა, რაც ალკოჰოლის მსოფლიო იმპორტის 29%-ს შეადგენს. კერძოდ, აშშ-მა უცხოურ ძლიერ სასმელებზე 11,3 მლრდ დოლარი, ლუდზე და ღვინოზე კი სათითაოდ, 7 მლრდ დოლარი დახარჯა.

მეორე ადგილი შეინარჩუნა დიდმა ბრიტანეთმა, რომლის იმპორტიც 2%-ით, 7,2 მლრდ დოლარამდე გაიზარდა. ქვეყანა, ძირითადად, ღვინოს ყიდულობდა, რაზეც 5,1 მლრდ დოლარი დახარჯა.

პირველ სამეულს გერმანია ხურავს, რომლის იმპორტიც 3%-ით, 5,3 მლრდ დოლარამდე შემცირდა. აქედან ნახევარზე მეტი წილი მხოლოდ ღვინოს, მესამედი კი ძლიერი ალკოჰოლს უკავია.

მეოთხე პოზიციაზე მყოფმა ჩინეთმა უცხოური ალკოჰოლის იმპორტი 3%-ით, 4,7 მლრდ დოლარამდე გაზარდა, ხოლო მთავარი პროდუქტი ძლიერი ალკოჰოლური სასმელებია, რაზეც 2,8 მლრდ დოლარი დაიხარჯა.

მეხუთეზე საფრანგეთია, რომელმაც შესყიდვები 5%-ით, 3,9 მლრდ დოლარამდე გაზარდა. აქედან 1,6 მლრდ დოლარი ძლიერ ალკოჰოლზე, ხოლო 1,2 მლრდ დოლარი ლუდზე დაიხარჯა.

ათეულში ასევე მოხვდნენ ნიდერლანდები (3,5 მლრდ დოლარი), კანადა (3,4 მლრდ დოლარი), იაპონია (2,7 მლრდ დოლარი), რუსეთი (2,2 მილიარდ დოლარი) და ესპანეთი (2 მლრდ დოლარი).

რუსეთი 2022 წლის მე-11 ადგილიდან გასულ წელს მეცხრე ადგილამდე დაწინაურდა. ქვეყანაში ალკოჰოლის ძირითადი მიმწოდებლები ევროკავშირის ქვეყნები (85%) და საქართველოა (11%). უცხოური ალკოჰოლის იმპორტი, თითქმის, 19%-ით, 2,2 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ყველაზე ძლიერი იმპორტირებული სასმელი ღვინო იყო, რომლის შესყიდვაზეც რუსეთმა 1,1 მლრდ დოლარი დახარჯა. ძლიერ სასმელებზე 730 მლნ დოლარი, ლუდზე 301 მლნ დოლარი, ვერმუტზე 69 მლნ დოლარი, ხოლო დაბალალკოჰოლურ სასმელებზე 24 მლნ დოლარი დაიხარჯა.

წამყვანი შემსყიდველი ქვეყნები საზღვარგარეთ, ძირითადად, ღვინოს ყიდულობდნენ, რაზეც მთლიანობაში 34,3 მლრდ დოლარი დაიხარჯა. შემდეგი ძლიერი ალკოჰოლური სასმელებია, რაზეც 34,1 მლრდ დოლარი, ხოლო უცხოურ ლუდზე 15,7 მლრდ დოლარი დაიხარჯა. ყველაზე ნაკლებად შეძენილი სასმელი არომატიზირებული, გამაგრებული ღვინო, ანუ ვერმუტი (1,4 მლრდ დოლარი) და დაბალალკოჰოლური სასმელებია (769 მილიონი).

მოამზადა ლადო სულაბერიძემ