ტურისტული ბაზრის გლობალურმა ბრუნვამ 2 ტრლნ დოლარს მიაღწია და პანდემიამდელ დონეს გადააჭარბა - Phocuswright

ტურისტული ბაზრის გლობალური ბრუნვა 2022–2023 წლებში 2 ტრლნ დოლარს მიუახლოვდა და COVID-19-ის პანდემიის შედეგებისგან არათუ სრულად „გამოჯანმრთელდა“, არამედ 2019 წლის პანდემიამდელ დონესაც გადააჭარბა - ამის შესახებ კვლევითი კომპანია Phocuswright-ის ანგარიშში წერია, რასაც “კომერსანტი” ავრცელებს.

Phocuswright-ის მონაცემებით, ტურისტული ბაზრის აღდგენა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში განსხვავებულად მიმდინარეობს. კერძოდ, 2019 წელს ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპა-ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში, დაახლოებით, თანაბარი რაოდენობის ჯავშნები დაფიქსირდა. თუ თითოეული ამ რეგიონის წილი გლობალურ ჯავშნებში, დაახლოებით, მესამედს შეადგენდა, ამჟამად ეს ბალანსი შეიცვალა და ჯავშნების უმრავლესობა ჩრდილოეთ ამერიკაში ფიქსირდება. მეორე ადგილზე - ევროპა, ხოლო აზია მხოლოდ მესამეზეა.

რაც შეეხება ტურიზმის ყველაზე პოპულარულ მიმართულებებს, ევროპას პირველი ადგილი დამაჯერებლად უკავია. რეგიონს გასულ წელს 700,4 მლნ ტურისტი ეწვია. 2023 წელს საერთაშორისო ტურისტების მთლიან ჩასვლებში ევროპის წილმა ნახევარზე მეტი, 54,5% შეადგინა.

გლობალური ტურისტული ბაზრის აღდგენას კორპორატიული ანგარიშებიც ადასტურებს. კერძოდ, ესპანეთის აეროპორტების ოპერატორმა კომპანია Aena-მ, რომელიც მგზავრების მომსახურებით მსოფლიო ლიდერია, 2023 წლის შედეგებით 1,63 მლრდ ევროს სუფთა მოგება ნახა. ეს კომპანიის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. 2022 წელთან შედარებით Aena-ს სუფთა მოგება 80,9%-ით გაიზარდა, რაც გლობალური ტურიზმის განახლებულმა ზრდამ გამოიწვია. მეტიც, 2023 წლის მოგებამ პანდემიამდელ 2019 წლის მაჩვენებელს 13%-ით გადააჭარბა. 2023 წლის შედეგებით, Aena-ს შემოსავალმა 5,14 მლრდ ევროს მიაღწია, რაც, 2022 წელთან შედარებით, 21,3%-ით მეტია.

ასევე, ჰოლდინგ International Airlines Group-მა, რომელშიც ბრიტანული ავიაკომპანია British Airlines, Irish Aer Lingus და ესპანური Iberia შედის, 2023 წელს 3,5 მლრდ ევროს საოპერაციო მოგება ნახა. ეს 2022 წელზე ორჯერ, ხოლო 2019 წლის პანდემიამდელი პერიოდის 3.2 მილრდ ევროს ოდენობაზე 10%-ით მეტია.

გერმანულმა ავიაკომპანია Lufthansa-ს წლიური სუფთა მოგება 2023 წლისთვის გაორმაგდა და 1,8 მლრდ ევრო შეადგინა. მაისში Lufthansa გასული წლის დივიდენდებსაც გადაიხდის, რაც COVID-19-ის პანდემიის დაწყებიდან პირველი დივიდენდებია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ