„ყოველთვიური დანამატი ხელფასს აღემატება“ - რამდენს იღებენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ინფორმაციით, საერთო სასამართლოების მოსამართლეები, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, შრომის ანაზღაურებას დამსახურებისა და განხილული საქმეების გაუთვალისწინებლად იღებენ.

უზენაესი სასამართლოსგან ცენტრის მიერ მიღებული ინფორმაციის თანახმად, საკასაციო სასამართლოს ყველა მოსამართლე, დატვირთულობისა და ადმინისტრაციული პოზიციების მიუხედავად, რეგულარულად იღებს ყოველთვიურ დანამატს.

უზენაესი სასამართლო თავმჯდომარის, ნინო ქადაგიძის განხილული საქმეების რაოდენობას ასაიდუმლოებს. ცენტრის განცხადებით, ეს შეიძლება, იმით აიხსნას, რომ ქადაგიძე საქმეებს საერთოდ არ განიხილავს მაშინ, როცა პალატის სხვა მოსამართლეებს წლიურად 150-მდე საჩივარი ეწერებათ.

„ქადაგიძე არც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებს ესწრება, თუმცა ყოველთვიურად იღებს საბჭოს წევრობის დანამატსაც. შესაბამისად, მის მიმართ ორმაგი დანამატის გაცემის მიზნობრიობა და დასაბუთებულობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავდება იმ ფონზე, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები თავადვე იღებენ საკუთარი თავებისთვის დანამატის გამოწერის გადაწყვეტილებას და განსაზღვრავენ ყოველთვიურ ოდენობას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ანაზღაურება და თვიური დანამატი ასე გამოიყურება:

  • ნინო ქადაგიძე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე - ყოველთვიური ხელფასი 7 000 ლარი, ყოველთვიური დანამატი 7 825 ლარი, საბჭოს წევრობის ყოველთვიური დანამატი 1 200 ლარი - ჯამში თვეში 16 025 ლარი.
  • გიორგი მიქაუტაძე, თავმჯდომარის მოადგილე - ყოველთვიური ხელფასი 6 300 ლარი, ყოველთვიური დანამატი 7 315 ლარი - ჯამში თვეში 13 615 ლარი.
  • შალვა თადუმაძე, თავმჯდომარის მოადგილე - ყოველთვიური ხელფასი 6 300 ლარი, ყოველთვიური დანამატი 7 315 ლარი - ჯამში თვეში 13 615 ლარი.
  • ლევან თევზაძე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი - ანაზღაურება 6 000 ლარი, თვიური დანამატი 7 070 ლარი, საბჭოს წევრობის ყოველთვიური დანამატი 1 200 ლარი - ჯამში თვეში 14 270 ლარი.
  • ქეთევან ცინცაძე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი - ანაზღაურება 6 000 ლარი, თვიური დანამატი 7 070 ლარი, საბჭოს წევრობის ყოველთვიური დანამატი 1 200 ლარი - ჯამში თვეში 14 270 ლარი.
  • ლევან მიქაბერიძე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი - ანაზღაურება 6 000 ლარი, თვიური დანამატი 7 070 ლარი, საბჭოს წევრობის ყოველთვიური დანამატი 1 200 ლარი - ჯამში თვეში 14 270 ლარი.
მერი ტაბატაძე