პირველ კვარტალში სახელმწიფომ პრივატიზაციიდან 79.7 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო

ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, მიმდინარე წლის პირველი კვარტლის საპრივატიზებო გეგმა გადაჭარბებით შეასრულა - ამის შესახებ აღნიშნულია ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

ამავე ინფორმაციით, აქტიური პრივატიზების შედეგად, სააგენტომ ჯამში 79 707 625 ლარის მობილიზება მოახდინა, საიდანაც საპრივატიზებო გეგმით გათვალისწინებული 36 000 000 ლარის ნაცვლად სახელმწიფო ბიუჯეტში 60 086 446 ლარის გადარიცხვა უზრუნველყო, შედეგად, პირველი კვარტლის გეგმა გადაჭარბებით 167%-ით შესრულდა. აღნიშნულ პერიოდში სააგენტომ 463 ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა.

„სააგენტო აქტიურად აგრძელებს სახელმწიფო ქონების დაჩქარებული პრივატიზაციის პროცესს და კერძო სექტორს სხვადასხვა, საინვესტიციოდ მიმზიდველ უძრავ ქონებას პროაქტიულად შეთავაზებს.

მოგახსენებთ, რომ პრივატიზების პროცესი გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომია. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, შესაძლებლობა აქვს ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მონაწილეობა მიიღოს მიმდინარე ელექტრონულ აუქციონებში და მოკლე დროში გახდეს სახელმწიფო აქტივის მესაკუთრე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.