ვის ეკუთვნის 10 კომპანია, რომელმაც ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებით გარემოს ყველაზე დიდი ზიანი მიაყენა

2023 წელს საქართველოში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების 1 436 ფაქტი გამოვლინდა, გამოწერილმა ჯარიმებმა 347 050 ლარი, ხოლო გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 1 371 439 ლარი შეადგინა. გამოვლენილი შემთხვევებიდან 1 283 ადმინისტრაციული, ხოლო 153 სისხლის სამართლის კანონდარღვევა იყო.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებით რომელმა კომპანიებმა მიაყენეს გარემოს ყველაზე დიდი რაოდენობის ზიანი და ვის ეკუთვნის აღნიშნული კომპანიები. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ყველაზე დიდი ზიანი შემდეგ კომპანიებზე მოდიოდა:

  • შპს „ვინვეის“ მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 424 296 ლარი (სისხლის სამართლის დანაშაული) იყო. აღნიშნული კომპანია სამეწარმეო რეესტრში 2019 წელს დარეგისტრირდა. მისი დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი ჩინეთის მოქალაქე ჯინლონგ გაოა.
  • შპს „ჯორჯია ვუდ ენდ ინდუსტრიალ დეველოფმენთ კო. ლტდ“-მა გასულ წელს ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებით 27 700-ლარიანი (სისხლის სამართლის დანაშაული) ზიანი გამოიწვია. კომპანია 2007 წელს დარეგისტრირდა. მისი დირექტორი ჩინეთის მოქალაქე ფენგლონგ მაა. 100%-იან წილს კი 2013 წელს საქართველოში დაფუძნებული შპს „ხე-ტყის სამრეწველო საზოგადოება ხუაშუნ ლტდ“ ფლობს. სამეწარმეო რეესტრის ინფორმაციით, თავის მხრივ ბოლოს ნახსენები კომპანიის სრული წილი ჩინეთში დაფუძნებულ შპს „სინძიანის სავაჭრო-საწარმოო კომპანია ხუაშუნ ლტდ“-ს ეკუთვნის. აღსანიშნავია ისიც, რომ შპს „ჯორჯია ვუდ ენდ ინდუსტრიალ დეველოფმენთ კო. ლტდ“-ი ჩამოთვლილ ათ კომპანიას შორის ორჯერ მოხვდა. მის მიერ მეორედ გამოწვეული ზიანი 9 353 ლარს (სისხლის სამართლის) შეადგენდა.
  • შპს „კავკასიამ“ საანგარიშო პერიოდში გარემოს 11 558 ლარის (სისხლის სამართლის დანაშაული) ზიანი მიაყენა. 2002 წელს დარეგისტრირებული კომპანიის დირექტორი მანანა მარიდაშვილია. წილის 80%-ს ევგენი ხარბედია განკარგავს, ხოლო 20%-ს მიხეილ გულვერდაშვილი.
  • შპს „ქართული ჯგუფის“ მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 10 208 ლარით (სისხლის სამართლის დანაშაული) შეფასდა. კომპანია 2006 წელს არის რეგისტრირებული. მისი დირექტორი ავთანდილ ბაქრაძეა. წილის 50-50%-ს კი, ლაშა ჯაიანი და მერაბ ტყეშელაშვილი ინაწილებენ.
  • შპს „ხელედი 2021“ კომპანია 2021 წელს დარეგისტრირდა სამეწარმეო რეესტრში. მისი დირექტორი და მთლიანი წილის მფლობელი ჯემალ გაზდელიანია. აღნიშნული კომპანიის მიერ გასულ წელს გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 4 954 ლარი (სისხლის სამართლის დანაშაული) შეადგინა.
  • შპს „მახვში“ 2008 წელს არის რეგისტრირებული. მის მიერ გამოწვეული ზიანი 3 455 ლარის (სისხლის სამართლის დანაშაული) ოდენობის იყო. კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი მერაბ გაზდელიანია.
  • შპს „ფლორა და ფაუნამ“ 2023 წელს ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებით 2 919-ლარიანი (სისხლის სამართლის დანაშაული) ზიანი გამოიწვია. კომპანია რეგისტრირებულია 2020 წელს. მისი დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი ირაკლი ბოკერიაა. გარდა ამისა, გასულ წელს „ფლორა და ფაუნამ“ კიდევ ორჯერ მოიპოვა უკანონოდ ხე-ტყე, აქედან ერთის შედეგი უცნობია, ხოლო მეორე შემთხვევაში 2 000 ლარით დაჯარიმდა.
  • შპს „ლენტეხის მრეწველობის“ მიერ გასულ წელს გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 2 503 ლარი (სისხლის სამართლის დანაშაული) შეადგინა. კომპანია 1996 წელს არის რეგისტრირებული. მისი დირექტორი და 50.4%-იანი წილის მფლობელი მირიან გარდაფხაძეა. წილის 10.7%-ს შარდენ ლიპარტელიანი, 4.6%-ს იზოლდა მეშველიანი, 15%-ს ამირან გარდაფხაძე, ხოლო 19.3%-ს გუგული ლიპარტელიანი ფლობენ.
  • შპს „დავითი“ რეგისტრირებულია 2013 წელს. მის მიერ გამოწვეულმა ზიანმა 1825 ლარი (სისხლის სამართლის დანაშაული) შეადგინა. კომპანიის დირექტორი ანზორ ფუტკარაძეა. წილის 80%-ს როსტომ გელაძე, ხოლო 20%-ს თენგიზ შავაძე ფლობენ.
მერი ტაბატაძე