პაშა ბანკმა "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" და "რუსთავის წყალი" 22.5 მლნ ლარის ოდენობის რესურსით უზრუნველყო

პაშა ბანკმა საინვესტიციო ჯგუფი Georgian Global Utilities 22.5 მილიონი ლარის ოდენობის კრედიტით უზრუნველყო.

აქედან 12.5 მილიონი ლარი ჯგუფში შემავალ კომპანიაზე "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" (GWP) გაიცა, ხოლო 10 მილიონი ლარი - კომპანიაზე "რუსთავის წყალი" (RWC).

აღნიშნული კომპანიები წარმოადგენენ კომუნალური წყალმომარაგების უმსხვილეს მოთამაშეებს საქართველოში, რომლებიც რეგულარულად ახორციელებენ წყალსადენისა და წყალარინების (საკანალიზაციო) ქსელების რეაბილიტაციის პროექტებს სხვადასხვა უბნებსა და რეგიონებში, სადაც მიმდინარეობს ხანდაზმული მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება და გაჯანსაღება. უცხოური ვალუტით გაცემული კრედიტები, რომელთა რეფინანსირებაც პაშა ბანკმა სალარე სესხებით მოახდინა ხელს შეუწყობს მიმდინარე სამუშაოების წარმატებით განხორციელებას.

"ჩვენ მოხარული ვართ აღნიშნული პარტნიორობით. ეს ტრანზაქცია კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ პაშა ბანკს საქართველოში, როგორც მსხვილ და საშუალო საწარმოების მომსახურებაზე ორიენტირებულ ფინანსურ ინსტიტუტს აქვს დიდი მოცულობის საკრედიტო ვალდებულებების აღების როგორც მზაობა, ასევე შესაბამისი გამოცდილება. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ აღნიშნული დაფინანსება განხორციელდა ლარით, რაც ადგილობრივ ბაზარზე დღეისათვის არსებულ ვითარებაში არცთუ უმნიშვნელო დეტალია," განაცხადა პაშა ბანკის გენერალურმა დირექტორმა, შაჰინ მამმადოვმა.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" სტრატეგია ითვალისწინებს სავალუტო რისკების ეტაპობრივ შემცირებას, რისი მაგალითიც არის აღნიშნული გარიგება. ჩვენ ფრიად მოხარული ვართ, რომ მოხერხდა პაშა ბანკისაგან საშუალო ვადიანი რესურსის ფიქსირებული განაკვეთით მოზიდვა ადგილობრივი ვალუტით, რაც მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია ამ მიმართულებით. მინდა კმაყოფილება გამოვთქვა პაშა ბანკთან თანამშრომლობით. გარიგების სტრუქტურირების პროცესმა მოკლე ვადებში და შეუფერხებლად ჩაიარა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტრანზაქციის სიდიდიდან გამომდინარე," აღნიშნა "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ფინანსურმა დირექტორმა, გიორგი ვახტანგიშვილმა.

"ლარის კურსის ცვალებადობის პირობებში ადგილობრივი ვალუტით დაფინანსებაზე მოთხოვნა გარკვეულწილად გაიზარდა. მოხარული ვართ, რომ შევძელით GWP-ს მასშტაბის მოთამაშისათვის შეგვეთავაზებინა მოთხოვნადი პროდუქტი შემჭიდროვებულ ვადებში და ურთიერთხელსაყრელი პირობებით," განაცხადა პაშა ბანკის კომერციულმა დირექტორმა, გოგა ჯაფარიძემ.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" (GWP) წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე. ის სასმელი წყლის და წყალარინების მომსახურებას სთავაზობს დედაქალაქს. კომპანია ასევე აწარმოებს ელექტროენერგიას, რისი უდიდესი ნაწილიც დედაქალაქის წყალმომარაგების ობიექტების ფუნქციონირებას ხმარდება.

პაშა ბანკი ბაქოში სათაო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს.

პაშა ბანკი არის პაშა ჯგუფის ნაწილი, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს აზერბაიჯანის წამყვან საინვესტიციო ჰოლდინგს და ფლობს აქტივებს ისეთ სფეროებში, როგორიც არის დაზღვევა, კორპორატიული და საცალო საბანკო საქმიანობა, ქონების მართვა, მშენებლობა და ტურიზმი. ჰოლდინგის კაპიტალი 2014 წლის დეკემბრის მდგომარეობით აღემატება 3 მილიარდ ევროს.

პაშა ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 2013 წლის თებერვალში დაიწყო. მისი სააქციო კაპიტალი 103 მილიონ ლარს შეადგენს.

პაშა ბანკი მდებარეობს თბილისში: შოთა რუსთაველის გამზირის 15.

საკონტაქტო პირი: ანანო ქორქია, საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტი.

ტელეფონი: (+995) 322 265 000 (7057)

ელფოსტა: anano.korkia@pashabank.ge

pashabank.ge

(R)