ყავის ფასმა 16-წლიან მაქსიმუმს მიაღწია

ესპრესოსა და ხსნადი სასმელების ყავა რობუსტაზე საბირჟო ფასებმა 16-წლიან მაქსიმუმს მიაღწია. ინფორმაციას Bloomberg ავრელებს.

ყავის მაისის ფიუჩერსები 3 აპრილს 4,8%-ით გაიზარდა და ვაჭრობა ტონაზე 3,838-დოლარიანი ნიშნულით დაიხურა, რაც 2008 წლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია. დღეიდან კოტირებამ ზრდა განაგრძო, რა დროსაც ფასი ტონაზე 3,847 დოლარამდე გაიზარდა.

წლის დასაწყისიდან ბირჟაზე ყავის ფასი უკვე 30%-ზე მეტით გაიზარდა.

ლონდონში დაფუძნებული იმპორტიორი კომპანია, DRWakefield რობუსტაზე ფასის ზრდას ამინდის პირობებს უკავშირებს.

„ჯერ კიდევ არსებობს შეშფოთება სარწყავი წყლის მოსალოდნელ დეფიციტთან დაკავშირებით, რამაც შესაძლოა, გავლენა მოახდინოს მომავალი სეზონის მოსავლიანობაზე,“ - აცხადებენ კომპანიაში.

ახალხან Bloomberg-მა ყავის ეროვნული ასოციაციის პროგნოზი გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ყავა რობუსტას გლობალური მიწოდება სექტემბრისთვის 20%-ით შემცირდება და, დაახლოებით, 1,67 მლნ ტონას შეადგენს. მიზეზად მთავარი ექსპორტიორის, ვიეტნამის მიერ პროდუქტის წარმოების შემცირება დასახელდა. ქვეყანა გვალვას ებრძვის და ნალექის რაოდენობა რეგიონში 10-წლიანი დიაპაზონის ქვედა ზღვარზეა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ