3 მომსახურება, რომელიც მარტში გაიაფდა

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.01%, ხოლო წლიურმა 0.5% შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის მონაცემებით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის მარტში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.4% შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი კი 2.3%-ით განისაზღვრა.

ამავე სტატისტიკის მიხედვით, საქმიანობებს შორის, წელს მარტში, წინა წლის იგივე თვესთან შედარებით, ყველაზე მეტად ელექტროგაყვანილობის ხელოსნის მომსახურება გაძვირდა, 52,95%-ით, შემდეგია ავტომობილის რეცხვის გადასახდელი - 41,66%-იანი გაძვირებით და მღებავის მომსახურება 29,01%-ით გაზრდილი ფასით.

რაც შეეხება იმ მომსახურებებს, რომელიც წელს მარტში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიაფდა, ასეთი მხოლოდ სამი მიმართულებაა. კერძოდ, საცურაო აუზის მომსახურების ღირებულება 0,48%-იანი გაიაფებით, ბინის დაქირავება, რომლის ფასმა მხოლოდ 0,44%-ით დაიკლო და ქალაქში ტაქსის მომსახურება, რომელიც საქსტატის მონაცემებით, სულ რაღაც 0,23%-ით გაიაფდა.

ამასთან, აღსანიშანავია, საანგარიშო პერიოდში, ფასი 7,7%-ით არის შემცირებული ავტომობილის აკუმულატორზე, 5,7%-ით საბურავებზე, ხოლო 1,9%-ით სათადარიგო ნაწილებზე, თუმცა ავტომობილის შეკეთება – 15,76%-ით არის გაძვირებული.

ნინი ქეთელაური