„ქვეყანაში ძალიან დაბალია ნერგის ხარისხი - უამრავი გარემოებაა იმისთვის, რომ ნერგმა არ გაიხაროს“

გასულ წელთან შედარებით, საქართველოში თითქმის ყველა მცენარის ნერგის წარმოება გაიზარდა, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ნერგის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ვალერი გორგიშელმა განუცხადა.

მიუხედავად წარმოების ზრდისა, 2023-2024 წლებში ნერგებზე მოთხოვნა „საკმაოდ დაბალია“. გორგიშელი აღნიშნულს ორ ძირითად მიზეზს უკავშირებს.

„მოთხოვნის შემცირება განპირობებულია რამდენიმე მიზეზით - ერთ-ერთია ის, რომ საკმაოდ დიდი ფართობები არის უკვე გაშენებული და მეორე ფაქტორი არის ის, რომ დიდ კონკურენციას უწევს შიდა წარმოებულ პროდუქციას ევროპული და თურქული ნერგები“, - განაცხადა ვალერი გორგიშელმა.

კითხვაზე, უწევს თუ არა კონკურენციას ქართული წარმოების ნერგები იმპორტულს, ასოციაციის თავმჯდომარე პასუხობს, რომ საქართველოში წარმოებული ნერგები ადგილობრივ ბაზარზე კონკურენტუნარიანია.

მანვე ისაუბრა ნერგის ხარისხზეც. ასოციაცია ამ ეტაპზე 30-მდე წევრს აერთიანებს, მისი შექმნის აუცილებლობა გამოწვეული იყო ნერგების ხარისხის ნაკლებობით და შეძლეს, რომ პრობლემა წევრებს შორის გადაეჭრათ. მიუხედავად ამისა, ადგილობრივ ბაზარზე არსებული სანერგეების დიდ ნაწილში ნერგის ხარისხი დაბალია.

„ასოციაციაში შემავალი წევრების მიერ წარმოების სტანდარტი ძალიან მაღალია, მაგრამ ზოგადად ქვეყანაში ძალიან დაბალი ნერგის ხარისხია, ძალიან ბევრი სანერგეა, რომლის კონტროლიც რთულია ან ვერ ხერხდება. 2024 წლის ივნისიდან ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გარკვეული ნაწილი ამოქმედდება და სანერგე მეურნეობებს სავალდებულო წესით სერტიფიცირება მოუწევთ, ამ დროიდან შეიცვლება ხარისხი“, - განაცხადა გორგიშელმა.

ასოციაციის თავმჯდომარე განმარტავს, რა მიზეზით შეიძლება, ვერ გაიხაროს ნერგმა.

„არსებობს რამდენიმე გარემოება - პირველი, როდესაც ნერგი არ ვარგა და ჩვენ მას ვყიდულობთ - ეს ვიზუალურადაც შესამჩნევია და უნდა ვიცოდეთ, რომ ის გაფუჭებული მცენარე არ ავიღოთ. ერთ-ერთი ფაქტორია ის, თუ რამდენად კეთილსინდისიერია სანერგე. მეორე გარემოება უკავშირდება იმას, თუ ვინ ყიდულობს, რას ყიდულობს, რა ცოდნა-გამოცდილება გააჩნია, რა დრო დასჭირდა ტრანსპორტირებას, როდის დარგო, ნიადაგი რამდენად დამჯდარი იყო. უამრავი გარემოება არსებობს იმისა, რომ ნერგმა არ გაიხაროს“, - აღნიშნა მან.

მერი ტაბატაძე