საქართველო-აზერბაიჯან-ყაზახეთის ერთობლივ სატრანსპორტო კომპანიას შესაძლოა, თურქეთიც შეუერთდეს

თურქეთი შესაძლოა, საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის მიერ შუა დერეფნისთვის შექმნილ ერთობლივ სატრანსპორტო ოპერატორ კომპანია Middle Corridor Multimodal-ს შეუერთდეს. ამის შესახებ სააგენტო Trend-ს ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრ სათჯან აბლალიევმა განუცხადა.

კომპანია, Middle Corridor Multimodal ასტანას საერთაშორისო ფინანსურ ცენტრში 2023 წლის ბოლოს დარეგისტრირდა, ამჟამად კი მისი გაფორმების პროცესი მიმდინარეობს. აბლალიევის ცნობით, სამი ქვეყნის ერთობლივი სატრანსპორტო ოპერატორი კომპანია მუშაობას ოფიციალურად მიმდინარე წლის ბოლოს შეუდგება.

„ეს აუცილებლად დადებითად აისახება შუა დერეფნის ეფექტურობაზე, შემდგომში კი ამ კომპანიაში თურქეთის ჩართვაც გვსურს,“ - აცხადებს მინისტრი.

მისი შეფასებით, Middle Corridor Multimodal-ის მუშაობაში თურქეთის მონაწილეობა ლოგიკურია, რადგან ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მარშრუტის გამტარუნარიანობის გაფართოება სრულდება, რის შემდეგაც ეს რკინიგზა წელიწადში 1 მილიონის ნაცვლად, 5 მლნ ტონამდე ტვირთის გადაზიდვას შეძლებს.

„ეს ფაქტი მეტად მნიშვნელოვანია შუა დერეფნისთვის, რადგან თურქეთიდან და უკან საქონლის ტრანსპორტირების გაზრდას, ასევე, თურქეთის გავლით ევროპული და ჩინური საქონლის ტრანზიტს ეხება,“ - ამბობს აბლალიევი.

წელს შუა დერეფანს 10 წელი შუსრულდა. 2023 წელს მარშრუტზე 2,75 მლნ ტონა ტვირთმა გაიარა, ხოლო მიმდინარე წლის გეგმა 4,2 მლნ ტონაზე მეტს შეადგენს, რაც წლის დასაწყისიდან ჩინური ტვირთის ტრანზიტის მაღალ მაჩვენებლებსა და ყაზახეთიდან საქონლის ტრანსპორტირების დაგეგმილ ზრდას ემყარება. უკვე მოქმედებს ჩინეთთან გაფორმებული შეთანხმება, რომელიც შუა დერეფნის გასწვრივ თვეში 10 საკონტეინერო მატარებლით ტრანსპორტირებას შეეხება. არსებული პროგნოზით, პიკურ მოცულობამდე, ანუ 10 მლნ ტონა ტვირთამდე შუა დერეფნით წლიური ტრანსპორტირების გაზრდა უახლოეს რამდენიმე წელიწადში მიღწევადია.

ცნობისთვის: ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, იგივე, შუა დერეფანი ჩინეთისა და ევროკავშირის საკონტეინერო სარკინიგზო სატვირთო ქსელებს ცენტრალური აზიის, კავკასიის, თურქეთისა და აღმოსავლეთ ევროპის გავლით აკავშირებს. მრავალმხრივი მულტიმოდალური სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა კასპიისა და შავი ზღვების საბორნე ტერმინალებს ჩინეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, უკრაინისა და პოლონეთის სარკინიგზო სისტემებთან აკავშირებს. ამ დერეფნის ნაწილია ექსპლუატაციაში შესული ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაც.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ