ტურისტული ინდუსტრიის კომპანიების უმრავლესობა ახალ ინვესტიციებს ტექნოლოგიურ განვითარებას მოახმარს

ტურისტულ ინდუსტრიაში გამოკითხული 1,253 კომპანიის 91% უახლოეს მომავალში ახალ ინვესტიციებს გეგმავს და დაგროვილ თანხას თავისი ბიზნესის ტექნოლოგიურ განვითარებაში ჩადებს. ამის შესახებ კვლევითი კომპანია Amadeus-ის ანგარიშში, Travel Technology Investment Trends-ში წერია.

თავისი ოპერაციების განვითარებას ყველაზე მეტად აეროპორტები გეგმავენ, რამაც გამოკითხულთა 17% შეადგინა. შემდეგი 14%-ით სასტუმროების ოპერატორები, ხოლო 13%-ით ავიაკომპანიები და ტურისტული სააგენტოებია.

ინვესტიციების პრიორიტეტული სფეროების შესახებ გამოკითხული აეროპორტების ოპერატორების 60% აცხადებს, რომ მგზავრთა რეგისტრაციის პროცესის ავტომატიზაციასა და ბარგის მიღება-დამუშავებას განავითარებს, ასევე, მონაცემებისთვის ბიომეტრიულ ტექნოლოგიებს დანერგავს.

გამოკითხული სასტუმრო ოპერატორების 85% ამბობს, რომ უდიდეს პოტენციალს მომხმარებელთა პერსონალიზებული გამოცდილების განვითარებაში ხედავს.

გამოკითხული ტურისტული სააგენტოების 40% ინვესტიციებისთვის ყველაზე პერსპექტიულ მიმართლებად ტურსააგენტოებსა და ავიაკომპანიებს შორის ინფორმაციის გაცვლის სისტემა NDC-ის (New Distribution Capability) ტექნოლოგიას ასახელებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ