“სილქნეტისთვის ფუნდამენტურ საკითხს წარმოადგენს პერსონალური მონაცემების დაცვა"

მიმდინარე წლის მარტში, კომპანია "სილქნეტის" პერსონალური მონაცემების დაუფლების მიზნით, სს „სილქნეტის“ კომპიუტერულ სისტემაზე კიბერშეტევა განხორციელდა. შედეგად აღნიშნული კომპანიის მომხმარებელთა გარკვეული რაოდენობის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ციფრულ ასლი არალეგალური გზით დამნაშავის ხელში მოხვდა, რომელიც მათ რეალიზაციას ინტერნეტ სივრცეში ცდილობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე 23 წლის პირი დააკავა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, კომპანია "სილქნეტმა" განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"სილქნეტისთვის" ფუნდამენტურ საკითხებს წარმოადგენს პერსონალური მონაცემების დაცვა, გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება. კომპანია მყისიერად რეაგირებს ნებისმიერ მცდელობაზე, რითაც შესაძლოა პოტენციური საფრთხე შეექმნას მომხმარებლების პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობას.

2024 წლის მარტში, კომპანია სილქნეტში მომხმარებელთა პირადობის მოწმობის ასლების უნებართვო წვდომისა და მოპოვების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა 2024 წლის 2 აპრილს ოპერატიულად დააკავეს ერთი პირი.

აღნიშნული პირი, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის გზით დაეუფლა გარკვეული რაოდენობის ფაილებს, სადაც 1700-მდე აბონენტის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი იყო.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან ხსენებულ კომპიუტერულ ინციდენტზე მყისიერი პირველადი რეაგირების ღონისძიებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალურ პროკურატურასთან მჭიდრო თანამშრომლობით, თავიდან იქნა აცილებული სილქნეტის მომხმარებელთა პიროვნების მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შემდგომი გავრცელება.

კომპანია „სილქნეტი“ გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალურ პროკურატურას" - წერია განცხადებაში.

ეკა დარჩიაშვილი