მდგრადობის ინდექსი - რომელია ყველაზე ეკოლოგიური ქალაქი მსოფლიოში

გლობალური მიმართულებების მდგრადობის ინდექსით (The Global Destination Sustainability Index) მსოფლიო ქალაქების რეიტინგი განისაზღვრა, რომლებიც ატმოსფეროში ნახშირბადის დაბალი გამონაბოლქვის მდგრადი მომავლისკენ ყველაზე ეფექტურად ისწრაფვიან.

რეიტინგის შედგენისას მხედველობაში იქნა მიღებული ისეთი ინდიკატორები, როგორიც არის ნარჩენების გადამუშავებისა და ჰაერის დაბინძურების დონეები, ველობილიკების რაოდენობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ეკოლოგიურობა და ეკოლოგიურად სერტიფიცირებული სასტუმრო ნომრების პროცენტული მაჩვენებელიც კი.

რეიტინგის სათავეში შვედეთის ქალაქი გოტენბურგია, რომელიც ეკოლოგიურად მსოფლიოში ყველაზე სუფთა ქალაქად 2016 წლიდან 2021 წლამდე ყოველწლიურად სახელდებოდა. ქალაქი ელექტროტრანსპორტის მფლობელებისთვის სულ უფრო უკეთეს პირობებს ქმნის, ხოლო, თითქმის, მთელი საზოგადოებრივი ტრანსპორტი განახლებადი ენერგიის წყაროზე მუშაობს. ქალაქი, ასევე, აქტიურად ებრძვის ერთჯერადი ჭურჭლისა და პლასტმასის გამოყენებას.

ზოგადად, რეიტინგში სკანდინავიური ქვეყნები დომინირებენ, რომლებიც მდგრადი განვითარების ტემპს ყველაზე აქტიურად ზრდიან. მაგალითად, ნორვეგიის დედაქალაქ ოსლომ გაუმჯობესებული სტრატეგიისა და მის რეალიზებაზე ეფექტური მუშაობის გამო მე-10 ადგილიდან დიდი ნახტომით მეორე ადგილზე გადაინაცვლა. მესამე ადგილზე სტაბილურად რჩება დანიის დედაქალაქი, კოპენჰაგენი, ხოლო მეოთხე ადგილზეა ფინეთის დედაქალაქი ჰელსინკია, რომელიც, ასევე, დიდი ნახტომით მე-12 ადგილიდან დაწინაურდა.

მსოფლიოში ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა ქალაქების ტოპ 10-ეული ასეთია:

  • გოტებურგი (შვედეთი)
  • ოსლო (ნორვეგია)
  • კოპენჰაგენი (დანია)
  • ჰელსინკი (ფინეთი)
  • ბერგენი (ნორვეგია)
  • ორჰუსი (დანია)
  • ოლბორგი (დანია)
  • გლაზგო (დიდი ბრიტანეთი)
  • ბორდო (საფრანგეთი)
  • სტოკჰოლმი (შვედეთი)

მთლიანობაში, ტოპ 40 ქალაქი შეირჩა, რომელთაგან დასავლეთ ევროპიდნ 17 ქალაქია, ერთი ქალაქი ჩრდილოეთ ამერიკიდან, კერძოდ, კანადის მონრეალია, ხოლო შვიდი ქალაქი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონიდანაა, როგორიც არის სინგაპური, სამხრეთკორეული გოიანი, ტაილანდის სონგკხლა და ბანგკოკი, ავსტრალიური მელბურნი, სიდნეი და ბრისბენი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ