გიორგი ქადაგიძე თანამდებობის დატოვებას არ აპირებს

სამწუხაროა, რომ მაღალი თანამდებობის პირები იმეორებენ იმ შეფასებებს და პათოსს, რომელიც, როგორც წესი, არის ყვითელი პრესის საქმე, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კითხვაზე ეროვნული ბანკის მისამართით გაკეთებული განცხადებებით, ხომ არ აიძულებენ მას, თანამდებობა დატოვოს, ქადაგაძემ აღნიშნა, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს.

"ეს არის გამართული ინსტიტუცია. ამ ქვეყანაში არსებობს კონსტიტუცია, კონსტიტუციური ვადები და ვადებით გათვალისწინებული პროცედურები იქნება დაცული", - განაცხადა ქადაგიძემ.

კითხვაზე, თუ აპირებს ის, რომ ვადა ბოლომდე დაასრულოს, ქადაგიძემ დადებითად უპასუხა და აღნიშნა, რომ რა თქმა უნდა, აპირებს.

რაც შეეხება მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძის განცხადებას, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი შესაძლოა, დაიკითხოს, გიორგი ქადაგიძემ აღნიშნა, რომ მას მსგავსი განცხადებები უკვე სამი წელია, ესმის.

"სამი წელია, ჩვენ გვესმის და ვხედავთ ტალახის სროლას ეროვნული ბანკის და ჩემს მიმართ. თუ ვინმეს რამე კითხვა აქვს, ჩვენ აქ ვართ და ყველა კითხვას ყოველთვის პასუხს გავცემთ. სამწუხაროა, რომ მაღალი თანამდებობის პირები იმეორებენ იმ შეფასებებსა და იმ პათოსს, რომელიც როგორც წესი, არის ყვითელი პრესის საქმე", - აღნიშნა ქადაგიძემ.