როდის დასრულდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი ზაფხულისთვის გაიხსნება, მთლიანად რიკოთის გზა კი წლის ბოლოსთვის - ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კუპატაშვილმა განაცხადა.

საუბარია ზესტაფონის შემოვლით 9 კმ-იან მონაკვეთზე, რომელიც შორაპნიდან იწყება და არგვეთაში მთავრდება. კუპატაშვილის თქმით, აღნიშნული მონაკვეთის გახსნის შემდეგ, საავტომობილო გადაადგილების დრო 5-7 წუთამდე შემცირდება.

„რიკოთის მაგისტრალზე 87% გვაქვს პროგრესი, თუმცა კონკრეტული მონაკვეთები დაწინაურებულია, კერძოდ, ზესტაფონის 9 კმ-იანი მონაკვეთი, რომელიც შორაპანში იწყება და არგვეთაში მთავრდება. აქ ბოლო დამამთავრებელი სამუშაოები მიმდინარეობს: შეღებვაზე, ელექტრომექანიკაზე, განათებასა და კვანძების დასრულების ეტაპზე ვართ. ველოდებით, რომ ძალიან მალე ამ მონაკვეთით ისარგებლებს მოსახლეობა. უდიდესი სარგებელია იმიტომ, რომ კარგ შემთხვევაში ძველი გზით სარგებლობისას თუ გვჭირდება 25-30 წუთი ან სეზონზე 1 საათიც კი, იგივე მანძილის გავლა ამ მონაკვეთის გახსნის შემდეგ 5-7 წუთამდე შემცირდება. ზაფხულისთვის მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა ამ 9 კმ-იანი გზით ისარგებლოს“, - განაცხადა ლევან კუპატაშვილმა.

რაც შეეხება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის, რიკოთის საუღელტეხილო გზის სხვა მონაკვეთებს, როგორც მან განმარტა, დარჩენილი საგზაო კვანძების შეკვრა წლის ბოლოს დასრულდება.

ცნობისთვის, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის 430-კილომეტრიანისგან შედგება. ამ გზის ოთხი მონაკვეთის მოწყობა აზიის განვითარების ბანკის ხელშეწყობით მიმდინარეობს. კერძოდ, საუბარია ხევი-უბისას, შორაპანი-არგვეთას, ქობულეთისა და ბათუმის შემოვლით გზებზე. ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა დასრულებულია, დარჩენილი 3 პროექტის დასრულება კი დაგეგმილია 2024 წლის ბოლოს.

მერი ტაბატაძე