ფრანგებს არასათანადო ვარცხნილობისა და თმის ფერის გამო სამსახურში მიღებაზე უარს ვეღარ ეტყვიან

საფრანგეთი კანონპროექტს ამზადებს, რომელიც სამსახურში თმის სტრუქტურის, სიგრძის, ფერის ან სტილის მიხედვით ყოველგვარ დისკრიმინაციას კრძალავს. ინფორმაციას “ევროპულსი” ავრცელებს.

დოკუმენტი ეროვნულმა ასამბლეამ უკვე მიიღო და განსახილველად სენატს გადაეგზავნა.

კანონმდებლების განცხადებით, ბევრ ადამიანს მთელი ქვეყნის მასშტაბით სამუშაო გასაუბრებამდე თმის ვარცხნილობის შეცვლა უწევს. ამდენად, ახალი კანონი აკრძალავს ადამიანების დისკრიმინაციას ხუჭუჭა, შეღებილი თმის ან სხვა ვარცხნილობის მიხედვით, რომელიც ამჟამად არაპროფესიონალურად აღიქმება. კანონი, ასევე, მელოტ ადამიანებს დაიცავს.

საფრანგეთში გარეგნობის მიხედვით დისკრიმინაცია ისედაც აკრძალულია. უფლებადამცველების თქმით, ახალ კანონს უფრო სიმბოლური მნიშვნელობა ექნება, რომლის მიზანიც იმ მუშახელის მხარდაჭერაა, ვისაც „არასათანადო“ ვარცხნილობით სამსახურში მისვლის ეშინია.

ოამზადა ლადო სულაბერიძემ