როდის შესრულდება პირველი ფრენა ვაზიანის აეროპორტიდან

ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ვაზიანის აეროპორტთან დაკავშირებით სანავიგაციო კვლევები უახლოეს პერიოდში დასრულდება, რაც აეროპორტის განვითარების გეგმის შემუშავების წინაპირობაა.

როგორც მან აღნიშნა, პარალელურად დაიწყება გენერალური გეგმის შემუშავების პროცესი და 2025 წლისთვის მზად იქნება. შემდეგ ეტაპზე დაგეგმილია აეროპორტის მშენებლობა და როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, 2028 წლის ბოლოს მზად იქნება ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ ვაზიანის აეროპორტიდან პირველი ფრენები განხორციელდეს.

„ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ ეს თავდაცვის ტერიტორია იყოს, სამინისტროსთან კოორდინაციით ვახორციელებდით შესწავლებს პირველი დღიდან. მათი მოსაზრებები სრულად ასახულია გადაწყვეტილებაში და თავდაცვისუნარიანობის კუთხით აქ არანაირი კითხვა არ არსებობს. რაც შეეხება ვადებს, ვახორციელებთ ახლა სანავიგაციო კვლევებს, რომელიც გასული წლის შუაში დაიწყო და რამდენიმე თვიანი კონტრაქტი აქვთ ჩვენს კონტრაქტორებს რომელსაც უახლოეს პერიოდში დაასრულებენ, რაც მოგვცემს საშუალებას რომ ზუსტად განვსაზღვროთ ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის კონფიგურაცია, რომელიც აუცილებელი წინაპირობაა იმის თუ როგორი იქნება აეროპორტის განვითარების გეგმა. ვიწყებთ მასტერპლანის კონკურსს რომელიც რამდენიმე კვირაში დაიწყება. გენერალური გეგმის პარალელურად, დავიწყებთ მუშაობას პროექტირებაზე. 2025 წლის ბოლოს ჩვენი ამოცანაა რომ გვქონდეს სრულყოფილი გეგმა, რომელიც სამშენებლო ეტაპზე გადასვლის საშუალებას მოგვცემს. ამას დასჭირდება 3 წელი და 2028 წლის ბოლოს შევძლებთ, რომ გვქონდეს თანამედროვე ინფრასტრუქტურა იმისთვის რომ პირველი ფრენები განხორციელდეს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მთავრობამ ვაზიანში ახალი აეროპორტის მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღო.

მერი ტაბატაძე