მსოფლიოს ყველაზე ლამაზი სოფლები დასახელდა - საქართველოს რომელი დასახლება მოხვდა რეიტინგში

Time Out-მა მსოფლიოს ყველაზე ლამაზი პატარა ქალაქებისა და სოფლის რეგიონების რეიტინგი შეადგინა. კერძოდ, სულ 16 ასეთი ლამაზი ადგილი შეირჩა, რომელშიც სტეფანწმინდა ტოპ 10-ეულს ხურავს.

რეიტინგის ავტორი Time Out-ის ექსპერტი, ინდია-ჯეინ ტრეინორია, რომელიც წერს, რომ ნეპალის ბორცვებიდან კალიფორნიის სანაპირომდე პატარა ქალაქები და სოფლები დახვეწილობით, თავიანთი უცნაურობებითა და სილამაზით შეირჩა, ხოლო სიაში რამდენიმე “ნამდვილი დამალული საგანძურია,” რომელთა შორისაც ავტორი, სავარაუდოდ, სტეფანწმინდასაც გულისხმობს.

“ის, ასევე, ცნობილია, როგორც ყაზბეგი. სტეფანწმინდა მდებარეობს ხეობაში კავკასიონის მთებს შორის, რომლებიც საქართველოს ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობის წინაშეა აღმართული. ყაზბეგის მთის ფონზე ბორცვზე მეთოთხმეტე საუკუნის გერგეტის სამების ეკლესია დგას. ეს შორეული და ისტორიული რაიონი მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი გზაჯვარედინია ევროპასა და აზიას შორის, რომელზეც გზა მეექვსე საუკუნიდან გადის. სტეფანწმინდა იდეალურ ბაზას წარმოადგენს ყაზბეგის ეროვნული პარკის ჩანჩქერებისა და ცხელი წყაროების შესასწავლად. მეტიც, აქ ფოტოგადაღებისთვის გამზადებული გულის ფორმის ტბაც არის,” - წერს ტრეინორი.

Time Out-ის მსოფლიოს ყველაზე ლამაზი პატარა ქალაქებისა და სოფლების 2024 წლის ტოპ 10-ეული ასეთია:

  • როტენბურგ ობ-დერ ტაუბერი (გერმანია)
  • ვაე რებო (ინდონეზია)
  • სიდი ბუ-საიდი (ტუნისი)
  • კარმელი (აშშ)
  • ალბერობელო (იტალია)
  • ესპერანსი (ავსტრალია)
  • ოგმაჩი (იაპონია)
  • გრინდელვალდი (შვეიცარია)
  • კრალენდიკი (ბონერი)
  • სტეფანწმინდა (საქართველო)

ტოპ 10-ეულის შემდეგ რეიტინგში, ასევე, შევიდნენ კოლუმბიის გუტაპე, გრენლანდიის ილულისატი, კანადის ბანფი, ვიეტნამის საპა, ფარერის კუნძულების კლასვიკი და ნეპალის განდრუკი.

ცნობისთვის: Time Out Group წამყვანი დამოუკიდებელი გლობალური მედია და გასართობი კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს საუკეთესო ქალაქები აღმოაჩინოს.

Time Out-ის ციფრული და ფიზიკური ბიზნესი მოიცავს ვებგვერდებს, მობილურ მოწყობილობებს, სოციალურ მედიას, ჟურნალებს, ლაივღონისძიებებსა და Time Out Market-ს. Time Out-ის კონტენტი, რომელიც 331 ქალაქსა და 59 ქვეყანაში ვრცელდება, მუდმივად ახლდება, ხოლო ფაქტებს პროფესიონალი ჟურნალისტები ამოწმებენ. ჯგუფის ექსპერტების საერთაშორისო ქსელი მომხმარებელს მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ადგილებში საუკეთესო კერძებს, სასმელსა და სანახაობას სთავაზობს. Time Out თავის გლობალურ არსებობას ციფრული და ბეჭდური რეკლამით, ბრენდის კონტენტით, ელექტრონული კომერციითა და ცოცხალი ღონისძიებების საშუალებით უწევს მონეტიზაციას.

Time Out-ის სათაო ოფისი ლონდონში მდებარეობს, ხოლო კომპანიის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟა AIM-ზე არის კოტირებული.

აღნიშნული რეიტინგის ავტორი და Time Out-ის ექსპერტი, ინდია-ჯეინ ტრეინორი ბრიტანელ-ავსტრალიელი მოგზაური მწერალია, რომელიც ლონდონში ცხოვრობს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ