თბილისში 2024 წლის იანვარში, თებერვალსა და მარტში 134 მიმდინარე მშენებლობა შეჩერდა - ამის შესახებ აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ „ბიზნესპრენიუსისთვის“ მოწოდებულ ინფორმაციაში. ამასთან, 2023 წელს დედაქალაქში შეჩერებული მიმდინარე მშენებლობების რაოდენობამ 420 შეადგინა.
რაც შეეხება მიზეზებს, მიმდინარე მშენებლობების შეჩერება განხორციელდა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო სამუშაოების კოდექსის“ 127-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს უნებართვო მშენებლობას, სანებართვო პირობების დარღვევას ან უკანონოდ წარმოებული მშენებლობების დემონტაჟს.
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გაცნობებთ, რომ 2023 წელს შეჩერებული იქნა 420 მიმდინარე მშენებლობა, ხოლო 2024 წელს - 134 მიმდინარე მშენებლობა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
კითხვაზე, შეჩერებული მშენებლობებიდან, რამდენი იყო საცხოვრებელი კორპუსი, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიიდან გვიპასუხეს:
„გაცნობებთ, რომ განცხადებაში მოთხოვნილ ფუნქციური მონაცემების სტატისტიკას, ზემოთ აღნიშნული სამსახური არ აწარმოებს“, - აღნიშნულია მერიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.