ილონ მასკი 20 წლის შემდეგ მარსზე მილიონ ადამიანს გაგზავნის და უკან აღარ დააბრუნებს

მარსზე თვითკმარი ქალაქის შექმნას 20 წელი დასჭირდება. ამის შესახებ ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა განაცხადა, რასაც კომპანია SpaceX-ი სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს.

მასკის გათვლებით, მარსის კოლონიზაციას, მინიმუმ, ერთი მილიონი ადამიანი და რამდენიმე მილიონი ტონა ტვირთი დასჭირდება. ის აცხადებს, რომ მარსის კოლონიზაციის პროექტი Starship 3-ის რაკეტით განხორციელდება, ხოლო მისიები წითელ პლანეტაზე, დაახლოებით, ორ წელიწადში ერთხელ შესრულდება.

ამასთან, მილიარდერი აღიარებს, რომ მარსის კოლონიზატორთა უმეტესობა დედამიწაზე აღარ დაბრუნდება, თუმცა დაბრუნების შესაძლებლობის უზრუნველყოფას აუცილებლად მიიჩნევს.

ილონ მასკი ყოველთვის აცხადებდა, რომ კაცობრიობამ კოსმოსი უნდა გამოიკვლიოს და სხვა პლანეტები დაასახლოს. კერძოდ, ის მთვარეზე ბაზის, ხოლო მარსზე ქალაქის შექმნის მოწოდებით გამოდის. მასკის აზრით, ადამიანების ადგილი “ვარსკვლავებს შორისაა.”

მოამზადა ლადო სულაბერიძემ