Le Figaro: კარგი ცხოვრებისთვის საკმარისი ფული ყოველ მეორე ფრანგს აკლია

ფრანგებს ფინანსური კეთილდღეობისთვის თვეში, საშუალოდ, 897 ევრო აკლიათ. ამის შესახებ Observatoire Société et Consommation-ის (ObSoCo) ანალიტიკოსების კვლევაში წერია, რომელიც ონლაინბანკ BforBank-ის დაკვეთით ჩატარდა. ინფორმაციას Le Figaro ავრცელებს.

კერძოდ, ObSoCo-ის მონაცემებით, ფრანგების მხოლოდ 39% გრძნობს თავს ფინანსურად დაცულად, რაშიც ძირითადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების უნარს 27%, ფინანსური პრობლემების არარსებობას 23%, ხოლო მცირე სიამოვნების მიღების შესაძლებლობას 18% უკავია.

დამატებითი შემოსავლის საჭიროება მით უფრო მაღალია, რაც უფრო მაღალია ოჯახის არსებული შემოსავალი. კერძოდ, ვინც თვეში 1,500-დან 2,000 ევრომდე იღებს, მას დამატებით, მინიმუმ, 751 ევროს შემოსავალი სჭირდება, ხოლო ვისი შემოსავალიც 6,000 ევროა, თვეში დამატებით 1,369 ევრომდე აკლია.

ფრანგ რესპონდენტთა, თითქმის, ორ მესამედს, ანუ 66%-ს ფული რეგულარულად აფიქრებს. აქედან 20% ფულზე თითქმის ყოველდღე ფიქრობს. ყველაზე ხშირად ესენი 18-24 წლის ახალგაზრდები (31%) და მარტოხელა მშობლები (28%) არიან.

ამასთან, ფინანსური საზრუნავის გაზიარება უფრო ადვილია მეუღლესთან (89%), ვიდრე მშობლებთან ან შვილებთან (68%), მეგობრებთან (55%) ან კოლეგებთან (41%).

„ფინანსური კეთილდღეობა პირდაპირ კავშირშია ადაიმიანის გრძნობასთან, აკონტროლოს თავისი ცხოვრება: უზრუნველყოს შემოსავლის სტაბილურობა და გაუმკლავდეს მოულოდნელ ხარჯებს,“ - განმარტავს ObSoCo-ის გენერალური დირექტორის მოადგილე აგნეს კროზეტი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ