მარიამ ქვრივიშვილმა ევროპის ჩემპიონატის დღეებში, ფრენების სიხშირის გაზრდისა და რეისების დამატების შესაძლებლობა განიხილა

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში რეგისტრირებული ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან, ფეხბურთში, ევროპის ჩემპიონატის დღეებში, საქართველოდან გერმანიის ქალაქების - დიუსელდორფის, დორტმუნდისა და ჰამბურგის მიმართულებით არსებული ფრენების სიხშირის გაზრდისა და რეისების დამატების შესაძლებლობა განიხილა.

ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოლაპარაკებები უცხოურ ავიაკომპანიებთან განხორციელდა, რომლებიც რეისებს საქართველოსა და გერმანიის ქალაქებს შორის ახორციელებენ.

მოლაპარაკებები მიმდინარეობს ყველა იმ ავიაკომპანიასთან, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ, გერმანიის იმ ქალაქების მიმართულებით, ევროპის ჩემპიონატის დღეებში, ფრენები განახორციელონ, სადაც საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ითამაშებს.

„პრემიერ-მინისტრის დავალებით, აქტიურად ვმუშაობთ გულშემატკივრებისთვის ხელმისაწვდომი ფასებით ფრენების დანიშვნაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, უზრუნველვყოთ ჩვენი გულშემატკივრების პირდაპირი ფრენებით და ხელმისაწვდომი ფასებით გადაადგილება იმისთვის, რომ მათ შეძლონ და უგულშემატკივრონ ჩვენი ნაკრების ყოველ მომდევნო გამარჯვებას. სწორედ ამ მიზნის განხორციელებისთვის მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ყველა ავიაკომპანიასთან, რათა საქართველოს მთავრობას ჰქონდეს სწორი სამოქმედო გეგმა და ხედვა, თუ როგორ შეიძლება მოხდეს კიდევ უფრო მეტი პირდაპირი ფრენის სტიმულირება ხელმისაწვდომი ფასებით“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.