სტიქიამ დუშეთის რაიონის სოფლები დააზარალა

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, რომლებიც სეტყვისგან დაზარალდნენ, შესაბამისი სამსახურები ადგილზე მუშაობენ.

დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ვაჟა ჩოხელის განცხადებით, დაისეტყვა გრემისხევი, სადაც ფაქტობრივად, შიდა გზები აღარ არსებობს.

მისივე თქმით, ანალოგიური მდგომარეობაა ბაზალეთის რამდენიმე სოფელში, წაღებულია ლაზვიაანთკარის ბოგირი. გზები არ არის ხეობის თემში. დასეტყვილია მჭადიჭვრის მხარე. ასევე რთული მდგომარეობაა უკანა ფშავში.

"ჩვენ ვმუშაობთ და შემდეგ ადგილზე გავალთ გრემისხევის მიმართულებით, ასევე ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები გადანაწილდებიან და ყველა სოფელს დაათვალიერებენ", - განაცხადა ჩოხელმა.

როგორც დუშეთის გამგებელმა აღნიშნა, რამდენიმე სახლში წყალი შევიდა. მისი თქმით, სამაშველო-სახანძრო სამსახური აქტიურად მუშაობს, მოსახლეობას წყლის ამოტუმბვაში ეხმარება არაგვისპირის თემში, ჭოპორტში, ბულაჩაურში.

"ადგილობრივი ხელისუფლება აკეთებს იმას, რომ ჩვენი ძალებით გზები, ხევები გაიწმინდოს. ყველა დოკუმენტაცია მომზადდება და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეგზავნება. მე დამიკავშირდნენ როგორც სამინისტროდან, ასევე პრემიერის ადმინისტრაციიდან. ყველანაირი დახმარება იქნება, როგორც კი ჩვენგან ზარალი დაითვლება და მონაცემები დაკონკრეტდება, მათ გადავცემთ", - განაცხადა ჩოხელმა.

რაც შეეხება განადგურებულ მოსავალს, ჩოხელის თქმით, ადგილზე გასულები არიან სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები და ზარალს აღწერენ.

მისივე თქმით, თუ საცხოვრებელი სახლები სტიქიითაა დაზიანებული, ამ შემთხვევაში მუნიციპალიტეტს შეუძლია, გარკვეული დახმარება აღმოუჩინოს.