“ოქროს ვიზებს” ესპანეთი კატასტროფისკენ მიჰყავს - პრემიერი

ესპანეთის მთავრობა უძრავ ქონებაში ინვესტიციის სანაცვლოდ უცხოელებისთვის ბინადრობის ნებართვის, ანუ „ოქროს ვიზის“ გაცემის წესს აუქმებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესმა განაცხადა, რასაც გამოცემა, El País ავრცელებს.

„ჩვენ ვაპირებთ, ეგრეთ წოდებული, ოქროს ვიზის გაცემის პროცედურა გავაუქმოთ, რომელიც უძრავ ქონებაში 500,000 ევროზე მეტი ინვესტიციის სანაცვლოდ ბინადრობის რეჟიმზე წვდომის საშუალებას იძლევა. მივიღებთ ზომებს, რომლებიც გარანტიას შექმნის, რომ საცხოვრებელი მხოლოდ სპეკულაციური ბიზნესი კი არა, არამედ უფლებაცაა,” - აცხადებს სანჩესი.

მისი თქმით, მთავრობა დღეიდან, 9 აპრილიდან საბინაო და ურბანული განვითარების სამინისტროს ანგარიშს შეისწავლის, რომ 2013 წელს მიღებულ შესაბამის კანონში ცვლილებები შევიდეს.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ “ოქროს ვიზების” 94% უკავშირდება უძრავი ქონების ინვესტიციებს, რომლებიც ბარსელონაში, მადრიდში, მალაგაში, ალიკანტეში, ვალენსიაში ან პალმა დე მაიორკაში განხორციელდა. ამ ქალაქებში, სანჩესის თქმით, უძრავი ქონების უკიდურესად დაძაბული ბაზარია, სადაც, „პრაქტიკულად, შეუძლებელია ღირსეული საცხოვრებლის პოვნა მათთვის, ვინც ცხოვრობს, მუშაობს და ყოველდღე იხდის გადასახადებს.“

პრემიერი ამბობს, რომ “საცხოვრებელში სპეკულაციური ინვესტიციის მოდელს” ესპანეთი კატასტროფისკენ მიჰყავს და უთანასწორობის გაუარესების შედეგად ახალგაზრდებისთვის და ოჯახებისთვის საცხოვრებელი ხელმისაწვდომი აღარ არის. სანჩესის თქმით, მთავრობის პრიორიტეტი ხელმისაწვდომი საცხოვრებლის გარანტიაა, რომლის მიხედვითაც, სახლის შესაძენად შემოსავლის 30%-ზე მეტის გადახდა არავის მოუწევს.

ესპანეთში “ოქროს ვიზების,” ანუ მეწარმეთა მხარდაჭერისა და მათი ინტერნაციონალიზაციის შესახებ კანონი 2013 წელს მიიღეს. კანონი სტარტაპების მხარდაჭერის ან 500,000 ევროზე მეტი ღირებულების უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში ესპანეთში ბინადრობის ნებართვის დაჩქარებული პროცედურით მიღების საშუალებას იძლევა. ქვეყანაში ბინადრობის ნებართვები, ოჯახის შექმნის მოტივის შემდეგ, ყველაზე ხშირად სწორედ ამ კანონის საფუძვლეზე გაიცემოდა.

სამთავრობო მონაცემებით, რომელიც გამოცემა El País-მა რამდენიმე თვის წინ შეისწავლა, 2013-იდან 2022 წლამდე ყველა სახის, მათ შორის, აქციებში, ბიზნესპროექტებსა და უძრავ ქონებაში ინვესტიციის სანაცვლოდ, მთლიანობაში, 11,500 „ოქროს ვიზა“ გაიცა. აქედან 10,800 ნებართვა, ანუ 93.9% საცხოვრებლის ან სხვა უძრავი ქონების შეძენას უკავშირდება. მხოლოდ 2022 წელს ესპანეთში 2,400-ზე მეტი “ოქროს ვიზა” გაიცა, რაც, 2021 წელთან შედარებით, 60%-ით მეტია.

უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, კერძოდ, 2022 წლის 18 მარტს ესპანეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის „ოქროს ვიზაზე“ განაცხადების მიღება შეაჩერა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ