საქართველოს რამდენი მოქალაქე დასაქმდა ლეგალურად გერმანიასა და ისრაელში

ცირკულარული მიგრაციის ფარგლებში 2023 წელს 1 196 პირი დასაქმდა, აქედან 1 193 გერმანიაში, 3 კი ისრაელში - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2023 წლის ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, ცირკულარული შრომითი მიგრაციის მიმართულებით ხელშეკრულებები და შესაბამისი საიმპლემენტაციო ოქმები გაფორმებულია 4 პარტნიორ ქვეყანასთან, კერძოდ: გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან, ისრაელის სახელმწიფოსთან, საფრანგეთის რესპუბლიკასთან და ბულგარეთთან. სააგენტო ამ ეტაპზე უშუალოდ მონაწილეობს ორ ქვეყანასთან, ისრაელის სახელმწიფოსთან და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან არსებული შეთანხმებების განხორციელებაში.

„გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოზე ქართული სამუშაო ძალის დასაქმების შესახებ“- შეთანხმებას ხელი მოეწერა 2020 წლის 6 თებერვალს, ხოლო მისი პრაქტიკული განხორციელება დაიწყო 2021 წლის 15 თებერვლიდან, როდესაც გაიხსნა რეგისტრაცია სპეციალურ ელექტრონულ პლატფორმაზე workabroad.moh.gov.ge.

ხსენებული შეთანხმების ფარგლებში, სულ ბაზაში რეგისტრირებულია 99 838 პირი (2023 წელს დარეგისტრირდა 443 პირი). აქედან სატელეფონო კომუნიკაცია შედგა 76 000-მდე პირთან, საიდანაც გასაუბრებაზე გამოცხადდა დაახლოებით 4 030-მდე პირი“, - წერია ანგარიშში.

როგორც ანგარიშიდან ირკვევა, 2022 წლიდან პროგრამაში გაჩნდა ახალი კომპონენტი, გერმანელ დამსაქმებლებს მიეცათ საშუალება, საქართველოს მოქალაქეებთან უშუალოდ დაემყარებინათ კომუნიკაცია და მიეწვიათ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მიზნით. აღნიშნული კომპონენტის გაჩენით სქემა გახდა უფრო მოქნილი და უფრო მეტ საქართველოს მოქალაქეს მიეცა საშუალება გაიოლებული პროცედურებით და შედარებით მოკლე დროში ჩართულიყო პროგრამაში. 2023 წელს საქართველოს 1 193 მოქალაქეს მიეცა საშუალება ესარგებლა აღნიშნული სქემით და ჩართულიყო სოფლის მეურნეობის სექტორის სეზონურ სამუშაოებზე.

2020 წლის 30 სექტემბერს, საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის გაფორმდა „საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის ისრაელის სახელმწიფოში შრომის ბაზრის კონკრეტულ სექტორებში საქართველოს მოქალაქეთა დროებითი დასაქმების შესახებ“ ორმხრივი ხელშეკრულება. ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმებას მოჰყვა 2020 წლის 1 ოქტომბრის სპეციალური განხორციელების ოქმი, რომელიც საშუალებას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს დასაქმდნენ ისრაელის სახელმწიფოში, როგორც დამხმარე მუშაკები ხანგრძლივი მოვლის საჭიროების მქონე პაციენტებისათვის განკუთვნილ სამკურნალო დაწესებულებებში.

აღნიშნულ პოზიციაზე, ისრაელის სახელმწიფოში დასაქმების მსურველთა რეგისტრაციის პროცესი დაიწყო 2021 წლის 12 აპრილს სარეგისტრაციო პორტალზე workabroad.moh.gov.ge. სქემის განხორციელების პროცესში, ასევე ისრაელის მხარესთან გაწეული კონსულტაციების ფარგლებში გამოიკვეთა, რომ საჭირო იყო შექმნილიყო მოკლევადიანი, სპეციალური სასერტიფიკატო კურსი, რომელიც მსმენელს მისცემდა შესაძლებლობას შეეძინა გერიატრიული ასისტენტის სპეციალისტებისთვის საჭირო მინიმალურ კომპეტენცია. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, ასევე სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით შეიქმნა 144 საათიანი სასერტიფიკატო კურსი.

2023 წელს საინფორმაციო ტრენინგები ჩატარდა გერიატრიული და შინმოვლის კურსის განმახორციელებელ სასწავლებლებში, ასევე სატელეფონო კომუნიკაცია შედგა გერიატრიული და11 შინ მოვლის დასრულებული კურსების 123 მსმენელთან ისრაელის სახელმწიფოში ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში საქართველოს მოქალაქეთა დასაქმების თაობაზე ინფორმაციის მიწოდების მიზნით.

2023 წელს, ისრაელის სახელმწიფოში ექთნის დამხმარე მუშაკის პოზიციაზე დასაქმების მიზნით დარეგისტრირდა 115 პირი. დასაქმდა 3 პირი. ამ ეტაპისთვის პროგრამის განხორციელება შეჩერებულია ისრაელის სახელმწიფოში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო“ - აღნიშნულია ანგარიშში.