12-მა მსჯავრდებულმა ლოკოკინების მოშენების, ხოლო 33-მა მეფუტკრეობის კურსი გაიარა

2023 წელს გაგრძელდა „უვადო მსჯავრდებულთათვის გათავისუფლების მოსამზადებელი პროგრამა“. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ 2023 წელს რუსთავის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ჩატარებულ კონსულტაციებში მონაწილეობა მიიღო 4 მსჯავრდებულმა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2023 წლის ანგარიშის თანახმად, მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ბენეფიციარებს ონლაინ რეჟიმში კარიერული განვითარებისა და პროფესიული ორიენტაციის კონსულტაცია ჩაუტარდათ და მასში მონაწილეობა მიიღო 29 უვადო მსჯავრდებულმა.

აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ წელს N10 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში 12 მსჯავრდებულისთვის ლოკოკინების მოვლა/მოშენება ტრენინგ-კურსი გაიმართა. ხოლო მეფუტკრეობის 2-დღიანი ტრენინგ-კურსი ჩატარდა N5 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც ჯამში 33 მსჯავრდებული მონაწილეობდა.

მერი ტაბატაძე