„ისტორიული ანაქრონიზმი, რომელიც ჩვენს რეალობას შემორჩა“ - რამდენი უნდა იყოს მინიმალური ხელფასი?!

საქართველოში მინიმალური ხელფასი 20 ლარია, რაც ჯერ კიდევ 1990-იან წლებში განისაზღვრა და დღემდე არ შეცვლილა. არადა, ქვეყანაში მას შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, პირველ რიგში კი ფინანსურ-ეკონომიკური პარამეტრები, რომლის მიხედვითაც ადგენენ, როგორც წესი, მინიმალურ ანაზღაურებას. დროთა განმავლობაში ეს 20-ლარიანი მინიმალური ხელფასი ჯერ სახუმარო საგნად იქცა, მერე ხალხს ეს ხუმრობაც მოჰბეზრდა და ყველას დაავიწყდა. იშვიათად, საარჩევნო კამპანიისას თუ გაახსენდება ვინმეს და საპასუხო არგუმენტი ყოველთვის ის არის, რომ 20-ლარიანი მინიმალური ხელფასი ფორმალობაა, რადგან ყველაზე მინიმალური ანაზღაურებაც კი ამაზე გაცილებით მეტია და ამიტომ ამ თემაზე ლაპარაკს აზრი არა აქვს. თუმცა ეკონომიკის პროფესორი სოსო არჩვაძე ამბობს, რომ სათანადო მინიმალური ანაზღაურების განსაზღვრა აუცილებელია და ის დღეისთვის 750 ლარი მაინც უნდა იყოს. რას ეყრდნობა მისი გათვლები და რატომ არის მნიშვნელოვანი რეალური მინიმალური ანაზღაურების დაწესება, ამ საკითხებზე ეკონომიკის პროფესორს სოსო არჩვაძეს ვესაუბრებით.

- თვითონ ცნება "მინიმალურ ხელფასს" ორი ასპექტი აქვს - ეკონომიკური და სოციალური. თუ ვართ თანამედროვე, ცივილიზებული სახელმწიფო, ყოველ შემთხვევაში, ამის პრეტენზია გვაქვს, უნდა ვისარგებლოთ იმ კატეგორიებითა და სამართლებრივი ნორმებით, რაც მიღებულია ნორმალურ, ცივილიზებულ ქვეყნებში. მინიმალური ხელფასის ცნება ერთ-ერთი ასეთია. სხვათა შორის, ის პირველად აშშ-ში შემოიღეს და მაშინდელი ფასების მიხედვით, საათში 0,5 დოლარს შეადგენდა. ათწლეულების განმავლობაში ინფლაციის კვალობაზე დოლარიც უფასურდებოდა და დღეს მინიმალური ხელფასის მაჩვენებელი საათში 10 დოლარის ფარგლებშია. ეს გახლავთ მინიმალური საათობრივი ანაზღაურება.

თავის დროზე ჩვენთანაც სცადეს მინიმალური ანაზღაურების შემოტანა, თუმცა იმგვარ პირობებში, როგორშიც საქართველოს უწევდა საბაზრო ეკონომიკაში დამკვიდრება 1990-იან წლებში, შემოღებულ იქნა თვეში 20-ლარიანი მინიმალური ხელფასის კატეგორია. საშუალო ხელფასი მაშინ 28 ლარი იყო, მინისტრების ხელფასები კი - სადღაც 170 ლარის ფარგლებში. მას შემდეგ გაიზარდა მოსახლეობის შემოსავლებიც და საშუალო ხელფასის მაჩვენებელიც, მაგრამ მინიმალური ხელფასი მაინც იმ ნიშნულზე რჩებოდა. ეს იყო ისტორიული ანაქრონიზმი, რომელიც ჩვენს რეალობას შემორჩა. ამიტომაც საჭიროა ახალი მიჯნის დაწესება.

საჯარო სექტორში უკვე არის 1000-ლარიანი მიჯნა, თუმცა ეს ეროვნულ მეურნეობაში რომ დამკვიდრდეს, შესაბამისი სამართლებრივი რეგულირება სჭირდება. ამისთვის კი უპირველესად უნდა ამოვიდეთ რეალური საარსებო მინიმუმიდან. ანაზღაურება არ უნდა იყოს ისეთი, რომ ვერ უზრუნველყოფდეს სამუშაო ძალის, დაქირავებული პირის მიერ დახარჯული ფიზიკური, გონებრივი და ემოციური ენერგიის კომპენსირებას. ამჟამინდელი ფასებისა და სამომხმარებლო კალათის გათვალისწინებით, შეიძლება ორი გზით წავიდეთ: ერთია წმინდა ტექნიკურ-მეთოდიკური, ანუ რომ ავიღოთ მედიანური ხელფასის 40%; მეორე გზა - რეალურად შევაფასოთ სასურსათო კალათა, კალათის ღირებულება მივიჩნიოთ 50%-ად, დანარჩენი 50%-ის მომსახურებაზე გათვლით დავიანგარიშოთ და მივიღებთ დაახლოებით 750 ლარამდე თვეში. ამის საფუძველზე შეგვიძლია განვსაზღვროთ, როგორი უნდა იყოს მინიმალური ხელფასი, ოღონდ იმის გათვალისწინებით, თუ როგორია სამუშაო საათების რაოდენობა საშუალოდ თვეში. დაახლოებით 178 საათი უნდა იყოს, მაგრამ რეალურად გაცილებით ნაკლები გამოდის, დაახლოებით 160 საათის ფარგლებში - ზოგისთვის ცოტა მეტი, ზოგისთვის ცოტა ნაკლები. უხეში გათვლებით, დღევანდელი ფასწარმოქმნისა და სამომხმარებლო კალათის გათვალისწინებით შეგვიძლია ორიენტაცია ავიღოთ ან თვეში 750 ლარზე, ან თუ მინიმალურ საათობრივ ანაზღაურებაზე წავალთ, მაშინ უნდა იყოს არანაკლებ საათში 5 ლარისა. ამასთან, ეს არ ნიშნავს, რომ ახლა დავაწესოთ და მერე 25-30 წლის განმავლობაში აღარ შევცვალოთ.

- პარლამენტმა კომიტეტების დონეზე დაიწყო პროფკავშირების ინიციატივის განხილვა, რომელიც ეყრდნობა საშუალო ხელფასის 40%-იან ნიშნულს. საუბარია 636-ლარიან მინიმალურ ხელფასზე, რაც რეალურად ძველ მონაცემებს ეყრდნობა, და ამ პრინციპით დამტკიცება რამდენად იქნება მისაღები?

- ჩემი აზრით, ჩვენ უნდა დავთვალოთ რეალური სამომხმარებლო კალათა და ამის მიხედვით დავიანგარიშოთ. სხვათა შორის, 636 ლარი თანხვედრაშია ჩემი და გივი თალაკვაძის მონოგრაფიის მონაცემთან, თუმცა მას შემდეგ ზოგიერთ პროდუქტზე ფასმა მოიმატა, ამიტომ შარშანდელი მდგომარეობა წლეულს უნდა გადაისინჯოს. 750-ლარიანი მაჩვენებელი მაქსიმალურად მიახლოებულია მედიანური ხელფასის 40%-თან.

- რომელი გზაა უკეთესი, მინიმალური ხელფასის დაწესება თუ მინიმალური საათობრივი ანაზღაურების განსაზღვრა?

- მინიმალური ხელფასი განსაზღვრავს, რომ უფრო ნაკლების მიცემა არ შეიძლება, რათა დამსაქმებელ-დასაქმებულთა ურთიერთობამ არ მიიღოს რბილი ან ჰიბრიდული ტრეფიკინგის სახე. უნდა იქნეს გათვალისწინებული დასაქმებულთა ინტერესები, მათი მდგომარეობა და ის, რომ მინიმალური ხელფასით შეძლონ არსებობა. თანაც გაითვალისწინეთ, რომ საარსებო მინიმუმი გათვლილია შრომისუნარიან მამაკაცზე და მისი ხელფასი მხოლოდ მას ხომ არ უნდა მოხმარდეს? მას ოჯახის წევრებიც ხომ ჰყავს?

რაც შეეხება შეკითხვას, თუ რომელი ჯობს. მაგალითად, აშშ-ში საფუძვლად საათობრივი ანაზღაურება უდევთ. ხელფასს იქ ყოველკვირეულად იღებენ, ჩვენთან კი აქცენტი თვიურ ანაზღაურებაზეა. ყოველკვირეულ ანაზღაურებასთან დაკავშირებით პრობლემას იმაში ვხედავ, რომ შესაძლოა შრომის ბაზარზე გაჩნდეს ჩრდილოვანი ეკონომიკის გაზრდის საფრთხე, თუკი მინიმალური ანაზღაურების საკითხი რეალურად ამოქმედდება. ადმინისტრაციული კონტროლია საჭირო, რათა ეს მინიმალური მასშტაბის იყოს.

- საქართველოში ხომ შრომის უფლების პრობლემა არ დგას და რატომ უნდა დათანხმდნენ ასეთ გარიგებას, რომ ნაკლები აიღონ?

- ასეთი რამ შესაძლოა ერთჯერადი დასაქმების დროს მოხდეს. მაგალითად, ვახუშტის ხიდიდან აიყვანოს მუშახელი ვინმემ, ამუშაოს და საათში გადაუხადოს გაცილებით ნაკლები. ამიტომ ვამბობ, რომ ამის საფრთხე არსებობს.

- ჩვენი ახლანდელი ეკონომიკური მდგომარეობა იძლევა იმის საშუალებას, რომ მინიმალურ დონეზე მაინც იყოს მინიმალური ანაზღაურების პრინციპი დაცული? ხომ არ შეუქმნის ეს ბიზნესს პრობლემებს და უარესი ხომ არ მოხდება?

- უნდა გადავხედოთ მდგომარეობას შრომის ბაზარზე. სადაც დარღვეულია წონასწორობა მოთხოვნასა და მიწოდებას შორის, არის სტრუქტურული უმუშევრობა - ანუ ბაზარზე გვაქვს სამუშაო ძალის ჭარბი მიწოდება, რომელზეც მოთხოვნა არ არის, და ამავე დროს არის სფეროები, სადაც გვჭირდება კვალიფიციური სპეციალისტები, მაგრამ სათანადო რაოდენობის ხალხი არა გვყავს. სტრუქტურული უმუშევრობა ჩვენი შრომითი ბაზრის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა. საჭიროა ადამიანების გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება, რასაც ბიზნესზე მეტად სახელმწიფომ უნდა შეუწყოს ხელი.

განაგრძეთ კითხვა