„საქართველოს კაპიტალის“ აქციების ფასი 4.97%-ით გაიზარდა - რამ განაპირობა ფასის ზრდა

Galt&Taggart-ის 8 აპრილის კვირის მიმოხილვის მიხედვით, Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციების ფასი, გასულ თვესთან შედარებით, 4.97%-ით გაიზარდა. როგორც „ბიზნესპრენიუსთან“ საქართველოს კაპიტალის ფინანსური დირექტორი გიორგი ალფაიძე აცხადებს, აქციების ფასის ზრდა უკავშირდება გლობალურ ბაზარზე არსებულ მდგომარეობას.

კერძოდ, მსოფლიო ბაზარზე არის მოლოდინი საპროცენტო განაკვეთის შემცირებასთან დაკავშირებით, რაც აქციების ფასის ზრდას განაპირობებს. ამასთანავე, მეორე ფაქტორი უკავშირდება მშპ-ს მზარდ ტემპს. როგორც ალფაიძე ამბობს, აღნიშნული ტენდენცია საქართველოს მიმართ ინვესტორების დაინტერესებას ზრდის.

„ეს ტენდენცია რამდენიმე მნიშვნელოვანი თემის შედეგია: პირველი, გლობალურ ბაზრებზე არსებული მდგომარეობა - თუ დააკვირდებით ბოლო 6 თვეა არის ტენდენცია, როდესაც ელოდებიან, რომ საპროცენტო განაკვეთები შემცირდება, რაც იწვევს სხვადასხვა აქციების ფასების ზრდას, მათ შორის ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის ჩვენი. მეორე და ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი, არის ქვეყნის მშპ-ს ზრდის ტემპი. როგორც იცით, შარშანდლამდე ორი წელია 10%-ზე მეტით გავიზარდეთ, შარშანაც მნიშვნელოვანი ზრდა იყო და წელსაც, როგორც ვუყურებთ, ჯერჯერობით 2 თვის საშუალო რაც ვიცით, 7%-ზე მეტია. შესაბამისად, ეს ზრდის ინვესტორების დაინტერესებას საქართველოს მიმართ, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისა, თუ რატომ გაიზარდა საქართველოს კაპიტალის აქციის ფასი“, - განაცხადა გიორგი ალფაიძემ.

კითხვაზე, ელოდებიან თუ არა, რომ მომავალ რამდენიმე თვეში კვლავ მზარდი იქნება „საქართველოს კაპიტალის“ აქციების ფასი, ალფაიძე პასუხობს, რომ აღნიშნული დამოკიდებულია ჩამოთვლილ ფაქტორზე.

„ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ პირველი ორი მნიშვნელოვანი კომპონენტი როგორ გააგრძელებს მოძრაობას, ანუ მაგალითად, თუ ისევ იქნება მოლოდინები, რომ შემცირდება საპროცენტო განაკვეთები და თუ ქვეყნის მშპ გააგრძელებს ზრდას, ეს ყველაფერი დადებითად იმოქმედებს, რა თქმა უნდა, ადგილობრივი კომპანიების აქციების ფასებზე“, - აღნიშნა გიორგი ალფაიძემ.

მერი ტაბატაძე