შს მინისტრის მრჩევლის ანაზღაურება 5 320 ლარია, შერიგების მინისტრის მრჩევლის კი 4 ათასის ფარგლებში

შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლების ანაზღაურება 5 320 ლარს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებიდან პარლამენტის წევრს ხატია დეკანოიძეს მიაწოდეს.

ამასთან, სადეპუტატო კითხვის პასუხად გაგზავნილ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს 3 მრჩეველი ყავს.

„მინისტრის მრჩევლების ფუნქციებს განეკუთვნება დარგობრივი/სექტორული რჩევების გაცემა, მათ შორის, ეფექტური სტრატეგიული კომუნიკაციების, მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შსს აკადემიისა და სხვა მიმართულებებით.

მინისტრის თითოეული მრჩევლის შრომის ანაზღაურება (დარიცხული) შეადგენს - 5320 ლარს,- აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

ხატია დეკანოიძის სადეპუტატო კითხვის პასუხად გაგზავნილი ინფორმაციიდან ირკვევა ისიც, რომ 2 მრჩეველი ყავს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს თეა ახვლედიანს. უწყების ცნობით, მათგან ერთი მრჩევლის ხელზე მისაღები ანაზღაურება შეადგენს 4 040 ლარს, ხოლო მეორე მრჩევლის - 3 580 ლარს.

„რაც შეეხება მრჩევლების უფლებამოსილებას, ერთი მრჩევლის საქმიანობა უკავშირდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძიებისა და გადმოსვენების საკითხებს, ასევე მათი ოჯახის წევრების უფლებების დაცვის კოორდინაციას, ახალი სამარხების მოძიებას, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით გამართული ორმხრივი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში ჩართულობას.

მეორე მრჩევლის საქმიანობა უკავშირდება შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და სამშვიდობო ინიციატივების მიმართულებით სახელმწიფო მინისტრის საქმიანობის ხელშეწყობას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესების და განწყობების თაობაზე ანალიზისა და განვითარების დინამიკაზე დაკვირვებას, ასევე შესაბამის სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და კვლევით ცენტრებთან თანამშრომლობას.

ამასთან, ორივე მრჩეველს ევალება ხელმძღვანელის ცალკეული დავალებების შესრულება,“- აღნიშნულია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ასევე: როგორია მინისტრების მრჩევლების ანაზღაურება საქართველოში - რომელ სამინისტროებში არ ყავთ მრჩევლები

თაია არდოტელი