„ჩვენი თაობა მოელოდა, რომ პატიოსნად ვიმუშავებდით და თავს კარგად ცხოვრების უფლებას მივცემდით, მაგრამ ეს ასე არაა“, - წერს ავსტრალიელი მსახიობი ლარა მარშალი.
მსგავსი შინაარსის სტატია The Guardian-ზე გამოქვეყნდა და მას საკმაოდ ბევრი გამოხმაურება აქვს. სტატიის ძირითადი მოტივია, რომ მილენიანელები ბევრს მუშაობენ, მაგრამ ძირითადად, დაბალ ანაზღაურებაზე. ისინი ამბობენ, რომ მათი თაობა საკმაოდ ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდა, ნაწილის აზრით კი, ამ „ბრძოლაში“ არაფერი ახალი არ არის.
„ჩვენ მიგვაჩვიეს კონკურენციას სწავლაში, შემდეგ კი მოვხვდით შრომის სამყაროში, რომლის რეალობაც მტკივნეული შოკი გახდა. მხოლოდ ერთეულებმა იპოვეს რეალურად ის საქმე, რაც მათ სიამოვნებას ანიჭებთ და ანაზღაურებაც ადექვატური აქვთ” - ცალკეული ადამიანების მსგავსი ისტორიები სტატიაში მრავლადაა.
მსგავსი თემით გვხვდება ასევე სტატია სახელად - „გადამწვარი თაობა“, რომლის მიხედვითაც, როდესაც მილენიანელები სრულწლოვანებამდე მივიდნენ, აღმოჩნდა, რომ ფინანსური თვალსაზრისით, უმეტესი მათგანი ძალიან ჩამორჩება იმ ადგილს, სადაც მათი მშობლები იყვნენ მათ ასაკში.
„ჩვენ გვაქვს გაცილებით ნაკლები ხელშეწყობა, გაცილებით ნაკლები კაპიტალი, გაცილებით ნაკლები სტაბილურობა და გაცილებით მეტი სტუდენტური დავალიანება. ჩვენ გვაქვს სარისკო კაპიტალი, მაგრამ ასევე გვაქვს 2008 წლის ფინანსური კრიზისი, პროფკავშირების მუდმივი ვარდნა და სტაბილური, სრულ განაკვეთიანი დასაქმება, თანაც არასაკმარისი ანაზღაურებით“ - წერია სტატიაში.