ბათუმის ნავთობტერმინალმა ევროპაში ყაზახური მუქი ნავთობპროდუქტების მიწოდება განაახლა

ბათუმის ნავთობტერმინალმა ევროპის ქვეყნებში ყაზახური მუქი ნავთობპროდუქტების (მაზუთისა და ვაკუუმური გაზოილის) მიწოდება განაახლა. ინფორმაციას ნავთობტერმინალის მფლობელი კომპანია “ყაზტრანსოილის” პრესსამსახური ავრცელებს.

კერძოდ, კომპანიის ცნობით, მიმდინარე წლის მარტში შპს „ბათუმის ნავთობტერმინალმა“ ყაზახეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში წარმოებული მუქი ნავთობპროდუქტების 60-80 ათასტონიანი პარტიებით Aframax-ის ტიპის ტანკერებში ჩატვირთვა განაახლა, რომლებიც შემდეგ ევროპის ქვეყნებში გაიგზავნა.

ყაზახური წარმოშობის მუქი ნავთობპროდუქტების ჩატვირთვა ყოველთვიურად მოხდება. კომპანიის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ „ამ საქმიანობის განახლება საქონლის გადაზიდვის სატრანზიტო-სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციას უკავშირდება.”

ყაზახური მაზუთისა და ვაკუუმური გაზოილის ევროპისთვის დიდი რაოდენობით მიწოდება 2018 წლის ოქტომბრიდან, ფაქტობრივად, შეჩერებულია.

“ყაზტრანსოილის” პრესრელიზში წერია, რომ Aframax-ის ტიპის ტანკერებზე მუქი ნავთობპროდუქტების დიდი რაოდენობით გადაზიდვა შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ კლიენტებს ტრანსპორტირების ხარჯის შემცირების საშუალებას აძლევს, რაც, თავის მხრივ, ბათუმის გავლით ყაზახური ტვირთის საექსპორტო მარშრუტს უფრო მიმზიდველს ხდის და მოცულობის ზრდასაც ხელს უწყობს.

Aframax-ის ტიპის დიდი სიმძლავრის ნავთობტანკერები შეუზღუდავ სანავიგაციო ზონაში ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებისთვის არის განკუთვნილი. ტანკერის სიგრძე 250 მეტრი, სიგანე 44 მეტრი, ხოლო დედვეიტი 114 ათასი ტონაა.

ცნობისთვის: „ყაზტრანსოილი” ყაზახეთის ნაციონალური კომპანია „ყაზმუნაიგაზის“ ჯგუფში შედის, 5,4 ათასი კმ სიგრძის მაგისტრალური ნავთობსადენების დივერსიფიცირებულ ქსელს ფლობს და ნავთობის ტრანსპორტირებას ქვეყნის გადამამუშავებელ ქარხნებში და ექსპორტისთვის ახორციელებს. ის შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ 100%-ს 2017 წლის აგვისტოდან ფლობს, რომლის მეშვეობითაც საქართველოში წარმოების აქტივები იმართება. “ბათუმის ნავთობტერმინალს” საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შპს „ბათუმის ზღვის პორტის“ 100%-იანი წილის მართვის ექსკლუზიური უფლება აქვს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ