ჩინური მანქანები თუ მოთხოვნის შემცირება - ევროპული პორტები დიდ ავტოსადგომებად იქცა

უმსხვილესი ევროპული პორტები უზარმაზარ ავტოსადგომებად იქცა. ამის შესახებ Financial Times წერს.

სტატიის მიხედვით, იმპორტირებული მანქანები ევროპის პორტებში გროვდება და მათ „სადგომებად“ აქცევს. მიზეზი გაყიდვების შენელება და ლოგისტიკური შეფერხებებია, მათ შორის სატვირთო მანქანების მძღოლების ნაკლებობა.

პორტისა და საავტომობილო ინდუსტრიის აღმასრულებლებმა ჩინური ელექტრომობილების დაგროვება პრობლემის ერთ-ერთი მთავარ მიზეზად დაასახელეს.

„ავტოდისტრიბუტორები სულ უფრო ხშირად იყენებენ პორტში მდებარე პარკირების ავტოფარეხებს დეპოებად. მანქანების დილერებთან შენახვის ნაცვლად, ისინი აგროვებენ მანქანას ტერმინალში“, - აცხადებენ ანტვერპენ-ბრიუგეს პორტში, რომლის პორტი - ზეებრუგე, ევროპის ყველაზე დატვირთული პორტია მანქანების იმპორტისთვის.

ავტოინდუსტრიის ზოგიერთი აღმასრულებელის თქმით კი, ჩინელი ავტომწარმოებლები ვერ ყიდიან თავიანთ მანქანებს ევროპაში ისე სწრაფად, როგორც მოელოდნენ, რაც რეგიონის პორტების გადატვირთვის მთავარი მიზეზი გახდა.

ჩინეთის სამგზავრო მანქანების ასოციაციის გენერალური მდივნის, კუი დონგშუს განცხადებით, ევროპის ბაზრებზე შიდა გადაზიდვები გართულებულია.

ცნობისათვის, ჩინეთის ავტომობილების ექსპორტი 2023 წელს 58%-ით მეტი იყო წინა წელთან შედარებით, რამაც ავტობაზრის მნიშვნელოვანი რეფორმა გამოიწვია. მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში ჩინეთის მანქანების, პლაგ-ინ ჰიბრიდებისა და წყალბადის მანქანების ძირითადი საექსპორტო მიმართულებები ბელგია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და ნიდერლანდები იყო.

ეკა დარჩიაშვილი