რა მოცულობის სესხი გაიცა შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში

„აგროსექტორით საბანკო/სალიზინგო სექტორის დაინტერესება პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევაა, რაც სოფლის მეურნეობის განვითარებას უწყობს ხელს“,- ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2023 წლის ანგარიშშია საუბარი.

სამინისტროს განმარტებით, პროექტის მიზანია, აგრომეწარმეებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გზით, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების გადამამუშავებელი წარმოების, აგროპროდუქციის შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობა.

პროექტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის მიმართულებით დასაქმებული ფერმერები და საწარმოები საფინანსო ინსტიტუტებისგან იღებენ აგროკრედიტს და აგროლიზინგს ძირითადი და საბრუნავი საშუალებებისთვის.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კრედიტებს/ლიზინგებს გასცემს პროექტში მონაწილე 15 კომერციული ბანკი და 4 სალიზინგო ორგანიზაცია, ხოლო სააგენტო ახორციელებს სესხის/ლიზინგის საპროცენტო განაკვეთის/ლიზინგის საზღაურის თანადაფინანსებას.

„უნდა აღინიშნოს, რომ აგროსექტორით საბანკო/სალიზინგო სექტორის დაინტერესება პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევაა, რაც სოფლის მეურნეობის განვითარებას უწყობს ხელს.

აღნიშნული პროექტის განხორციელებით, მეწარმეებისა და ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი გახდა იაფი ფინანსური რესურსი“,- ნათქვამია დოკუმენტში.

რაც შეეხება ერთიანი აგროკრედიტის ფარგლებში, 2023 წელს განხორციელებულ აქტივობებს, ანგარიშის მიხედვით, გაცემული სესხების რაოდენობამ - 10,000 ერთეული შეადგინა, უნიკალური ბენეფიციარების რაოდენობამ - 9,034 ადამიანი, გაცემული სესხის ოდენობა - 1,031,194,901 ლარი, ხოლო სააგენტოს მიერ გაცემულმა თანადაფინანსებამ 209,468,368 ლარი.

ნინი ქეთელაური