მარტში საქართველოს საერთაშორისო რეზერვები გაიზარდა

2024 წლის მარტში საქართველოს საერთაშორისო რეზერვები 30.573 მლნ დოლარით გაიზარდა, სავალუტო რეზერვები კი შემცირდა. ამ უკანასკნელის შემცირების მიზეზი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ, პირველად ისტორიაში, ოქროს შეძენა გახდა.

უფრო კონკრეტულად, სებ-ის სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის მარტში საქართველოს საერთაშორისო რეზერვები შეადგენდა 4.776 მლრდ დოლარს, წინა თვეს კი 4.746 მლრდ დოლარს. ამავე საანგარიშო პერიოდში, სავალუტო რეზერვები თებერვლის 4.295 მლრდ დოლარიდან 3.994 მლრდ დოლარამდე შემცირდა.

ერთწლიან ჭრილში კი მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 226.9 მლნ დოლარით არის შემცირებული. 2023 წლის თებერვალში რეზერვების მოცულობა 5.003 მლრდ დოლარს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის მარტის სტატისტიკით სებ-ს სავალუტო რეზერვების დიდი ნაწილი - 2.970 მლრდ დოლარი ფასიან ქაღალდებში აქვს განთავსებული, ნაღდი ფულის სახით კი 1.033 მლრდ დოლარს ინახავს.

რაც შეეხება ოქროს რეზერვებს, სებ-ის სტატისტიკით ის 332.1 მლნ დოლარს შეადგენს.