თბილისის მერია დედაქალაქში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის პროგრამას „ისწავლე და დასაქმდი“ აგრძელებს. მოქალაქეებს რეგისტრაციის გავლა 10-აპრილიდან 1-ელ მაისამდე შეეძლებათ.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ჯამში დაინტერესებულ პირებს 65 მოთხოვნადი პროფესიის შესწავლის საშუალება ექნებათ.
„ჩვენ დავიწყეთ პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ - ვიწყებთ ამ პროგრამის ახალ ეტაპს. 10-აპრილიდან 1-ელი მაისის ჩათვლით დაინტერესებული მოქალაქეები შეძლებენ ონლაინ რეგისტრაციას. პროგრამა ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების მომზადება-გადამზადებას კურსების მეშვეობით შრომით ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებში“, - აღნიშნა კალაძემ.
პროგრამით სარგებლობა 1000 მოქალაქეს შეეძლება, სწავლა კი სრულად მუნიციპალური ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
„პროგრამას წელს დაემატება 15 ახალი მიმართულება და მოქალაქეების მომზადება-გადამზადება შესაძლებელი იქნება 65-სპეციალობაში. აღნიშნულ კურსებზე სწავლას მთლიანად დააფინანსებს მუნიციპალიტეტი.
პროგრამის ფარგლებში 1000 მოქალაქე შეძლებს მომზადება-გადამზადებას. პროგრამის ფარგლებში ბოლო წლების განმავლობაში 9 000-ზე მეტი მოქალაქე იქნა გადამზადებული და 70%-იანი დასაქმების მაჩვენებელი გვაქვს“, - განაცხადა კახა კალაძემ.