თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში სამშენებლო მანქანების მიერ ქუჩების დაბინძურებასთან დაკავშირებით კონტროლი უნდა გამკაცრდეს.
როგორც კალაძემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ქუჩების დაბინძურება სამშენებლო მანქანების მიერ რეგულირებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და დაწესებულია ჯარიმები, ქალაქში მაინც სერიოზული პრობლემებია.
„რამდენიმე წლის წინ თბილისის მუნიციპალიტეტის წინადადების საფუძველზე საქართველოს პარლამენტმა განიხილა საკანონმდებლო ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და სამშენებლო მოედნებიდან დაბინძურებული ავტომანქანების გამოსვლა გახდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომლისთვისაც გათვალისწინებულია ჯარიმები: ფიზიკური პირის შემთხვევაში 500 ლარი, იურიდიულის შემთხვევაში 1000 ლარი, ხოლო განმეორებით შემთხვევაში 2000 ლარის ოდენობით.
ეს ცვლილება რამდენიმე წელია მოქმედია და რეალობაში არის სერიოზული პრობლემები. მოქალაქეებს შეუნიშნიათ, ალბათ, ხშირად სამშენებლო ობიექტებიდან გამოსული დიდი სატვირთო მანქანები, რომლებიც აბინძურებს ქუჩებს, გამოაქვს ყველანაირი ტალახი და ეს უდიდეს პრობლემას წარმოადგენს, მტვრად გადაიქცევა შემდეგ და ამას ვსუნთქავთ. მე მინდა დავავალო ჩემს მოადგილეს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ აღნიშნულ საკითხს. სამშენებლო ობიექტებს აქვთ ვალდებულება, რომ იმ მოედანზე, სადაც მიმდინარეობს სამუშაოები, რომ მოაწყონ შესაბამისი ჩამოსარეცხი ამ მანქანების. ხშირად არის შემთხვევა, როცა ბეტონგადამზიდი მანქანები ხშირად ღვრის ბეტონს ასფალტზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.