სტამბოლის აეროპორტი მსოფლიოში პირველად მზის ენერგიაზე სრულად გადავა

სტამბოლის საერთაშორისო აეროპორტში მსოფლიოში პირველად ელექტროენერგიის მოთხოვნილებას მზის ენერგია სრულად დაფარავს. ამის შესახებ აეროპორტის ოპერატორი კომპანია IGA-ს განცხადებაში წერია.

კომპანიის ცნობით, აეროპორტის ფუნქციონირებისთვის ყველა საჭირო ენერგიას მზის ელექტროსადგური გამოიმუშავებს, რომელიც ესქიშეჰირის პროვინციაში 3 მლნ კვადრატულ მეტრ ფართობზე აშენდება.

ესქიშეჰირის ახალი მზის ელექტროსადგურის სიმძლავრე 199,32 მეგავატი იქნება, ხოლო პროდუქტიულობა წელიწადში 340 მილიონ კვტ/სთ-ს მიაღწევს, რასაც მთლიანობაში დასამონტაჟებლად დაგეგმილი 439 ათასი ფოტოელექტრული პანელი უზრუნველყოფს.

212 მლნ ევროს ღირებულების მზის ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვება მიმდინარე წლის ბოლოსთვის იგეგმება.

İGA-ში აცხადებენ, რომ მზის ენერგიაზე გადასვლა ატმოსფეროში ემისიებს მინიმუმამდე შეამცირებს. კერძოდ, კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე, სელაჰათინ ბილგენი ამბობს, რომ ამ პროექტით ნახშირორჟანგის 105,996 ტონა სითბური გაზის გამოყოფა აღიკვეთება. მისი პროგნოზით, ემისიები, 2030 წლისთვის 45%-ით, 2040 წლისთვის 73%-ით შემცირდება, ხოლო 2050 წლისთვის ეს მაჩვენებელი ნულს მიაღწევს.

მოამზადა ლადო სულაბრიძემ