„ოქრო ჩამოაქვთ საქართველოში, ანუ ვაჭრობას არ აპირებენ - რატომ ჩამოაქვთ, სანქციების ეშინიათ?“

„ევროოპტიმისტების“ დამფუძნებელი რომან გოცირიძე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ოქროს ზოდების შესყიდვისა და საქართველოში ჩამოტანასთან დაკავშირებით არ ეთანხმება და ოქროს სებ-ის საცავში „მკვდარ მარაგს“ უწოდებს.

როგორც გოცირიძე რადიო „პალიტრას“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ აცხადებს, ოქროს ყიდვა-გაყიდვა არის ბიზნესი და გაუგებარია, რატომ გადაწყვიტა ეროვნულმა ბანკმა ოქროს ზოდების შეძენა მაშინ, როცა მსოფლიო ბაზარზე ოქროს ფასი რეკორდულ ნიშნულზეა.

„თუ ამ ოქროს ჩამოიტანენ და 10 წელი აქ დადებენ, 3-წლიან ინტერვალში როგორც წესი, ძალიან დიდი მერყეობას განიცდის ოქრო“, - აღნიშნა მან.

გოცირიძის თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი არც ერთ ანგარიშში არ გასცემდა იმის რეკომენდაციას, რომ საქართველოს უცხოური რეზერვების მასშტაბის ქვეყანას ოქრო შეეძინა და მით უმეტეს, ეროვნული ბანკის საცავში შეენახა.

„ეროვნულმა ბანკმა უნდა ახსნას გათვლები, თუ რას ელოდება. საპროცენტო შემოსავლებს დავკარგავთ, ეს ფაქტია. სავალუტო ფონდი არ მიესალმება ამ გადაწყვეტილებას და ალბათ, გაავრცელებენ განცხადებას“, - ამბობს გოცირიძემ.

მისივე განმარტებით, ნებისმიერი ქვეყნის ეროვნული ბანკი ოქროს ზოდებს როცა ყიდულობს, მის ქვეყანაში ჩამოტანას არ ახორციელებს. აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვა, რისი ეშინია სებ-ს. გოცირიძის თქმით, შესაძლოა, აღნიშნულის მიზეზი იყოს სანქციების შიში.

„ოქრო ძირითადად ლონდონში ან ნიუ-იორკში ინახება, იქით-აქეთ კი არ დაატარებენ, ქაღალდით გადადის. მაგალითად, ოქროს თუ გაყიდიან, სერტიფიკატი გადაეცემა იმას, ვინც იყიდა და ოქრო რჩება საცავში. ამათ გადაწყვიტეს ჩამოათრიონ აქ, რატომ ჩამოგაქვს? ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ვაჭრობას არ აპირებენ. რადგან ჩამოაქვთ, ეს იმას ნიშნავს, რომ მრავალი წლით ჩამოაქვთ. სანქციების ეშინიათ? ივანიშვილმა ურჩია თუ ღარიბაშვილმა? აგენტების კანონის შემდეგ არაფერია გამორიცხული, შეიძლება ხვალ ივანიშვილი დაასანქცირონ და ზეგ ქვეყანა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, სებ-ის საბჭოს 2024 წლის 1-ელი მარტის გადაწყვეტილებით, ეროვნულმა ბანკმა 500 მლნ აშშ-ის დოლარის მოცულობის, 7 ტონა, უმაღლესი სინჯის (999.9) მონეტარული ოქრო - საერთაშორისო სტანდარტების ზოდების სახით ლონდონის ოქროს ზოდების ბაზარზე შეიძინა და ამჟამად ლონდონშივე ინახება. შეძენილი ოქროს მოცულობა დღევანდელი მდგომარეობით, სებ-ის საერთაშორისო რეზერვების დაახლოებით 11%-ს უტოლდება. აღნიშნული ოქრო საქართველოში სებ-ის საცავში განთავსდება.

მერი ტაბატაძე