ოქრო 2025 წლის ბოლოსთვის შესაძლოა, 3500 დოლარამდე გაძვირდეს

ოქროს ფასი 2025 წლის ბოლოსთვის უნციაზე შესაძლოა, 3,500 დოლარამდე გაიზარდოს, თუ ინფლაციაც გაიზრდება. ამის შესახებ Yardeni Research-ის კვლევის პრეზიდენტი, ედ იარდენი პროგნოზირებს, რასაც Business Insider ავრცელებს.

მისი პროგნოზით, მომავალი წლის ბოლოსთვის ოქროს ფასი 3,500 დოლარამდე, ანუ 49%-მდე გაიზრდება, რადგან ინფლაციამ შესაძლოა, 1970-იან წლების მდგომარეობა გაიმეოროს, როცა ფასებმა სპირალისებურად დაიწყო ზრდა და უნცია ოქრო 35-დან 665 დოლარამდე გაძვირდა.

„ოქროს ფასი ახალ მაქსიმუმამდე ადის. “ხელფასი-ფასების” კიდევ ერთი სპირალი, რომელიც ნავთობზე ფასების მატებასთან არის დაკავშირებული, მეტად მოგვაგონებს 1970-იანი წლების დიდ ინფლაციას, როცა ოქროს ფასი გაიზარდა. ამ სცენარით ოქროს ფასი 2025 წლისთვის, შესაძლოა, უნციაზე 3000-3500 დოლარი გახდეს, რაც რეალისტური სამიზნეა,“ - წერს ედ იარდენი კლიენტებისადმი მიწერილ ჩანართში.

ცნობისთვის: ოქროს ფასმა 8 აპრილს ზრდა განაგრძო და წლის დასაწყისიდან ისტორიული მაქსიმუმი უკვე მეთოთხმეტეჯერ განაახლა. 1 აპრილს ოქრო რეკორდულად გაიზარდა, რადგან გამოიკვეთა ნიშნები, რომ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა საპროცენტო განაკვეთების შემცირებას უახლოვდება. ამან ზრდა დაასტიმულირა, რაც, ასევე, გეოპოლიტიკური დაძაბულობითა და ჩინეთში ძლიერი მოთხოვნით არის გამოწვეული.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ