ევროპულმა სასამართლომ რუს მილიარდერ მიხაილ ფრიდმანს სანქციები მოუხსნა

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ რუსი მილიარდერების, მიხაილ ფრიდმანისა და პიოტრ ავენის ევროკავშირის მიერ სანქციების სიაში შეყვანის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა.

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა, რომ შესაძლოა, მიხაილ ფრიდმანს, პიოტრ ავენსა და ვლადიმერ პუტინს ან მის გარემოცვას შორის სიახლოვე არსებობდეს, მაგრამ ევროკავშირმა იმის ჩვენება ვერ შეძლო, რომ მათ იმ მოქმედებებს ან პოლიტიკას დაუჭირეს მხარი, რომელმაც უკრაინას ზიანი მიაყენა.

რუსი მილიარდერები მიხაილ ფრიდმანი და პიოტრ ავენი „ალფა ჯგუფის“ დამფუძნებლები არიან, რომელიც რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ბანკს, „ალფა ბანკს“ ფლობს.

„საერთო სასამართლოს მიაჩნია, რომ საწყის აქტებში მოყვანილი არცერთი მიზეზი არ არის საკმარისად დასაბუთებული და მოცემულ სიებში ავენისა და ფრიდმანის შეყვანა გაუმართლებელი იყო“, - ნათქვამია ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს განცხადებაში.

ცნობისთვის, ფრიდმანსა და ავენს ევროკავშირმა სანქციები 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან რამდენიმე დღეში დაუწესა.

Bloomberg-ის მილიარდერების რეიტინგში, მიხაილ ფრიდმანი 154-ე ადგილზეა, მისი ქონება 13.4 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. Forbes-ის რეიტინგში ფრიდმანი 149-ე ადგილზეა, 13.1 მლრდ დოლარის ქონებით.