პერსონალური კომპიუტერების გლობალური ბაზარი ზრდას უბრუნდება

პერსონალური კომპიუტერების გლობალური მიწოდება, ორწლიანი ვარდნის შემდეგ, პირველ კვარტალში ზრდას დაუბრუნდა. ამის შესახებ ბაზრის კვლევის კომპანია International Data Corporation-ის (IDC) მიერ გამოქვეყნებულ წინასწარი შედეგებში წერია, რასაც Reuters ავრცელებს.

კერძოდ, პერსონალური კომპიუტერების ბაზარი პირველ კვარტალში 59.8 მლნ ერთეულის მიწოდებით, წინა წელთან შედარებით, 1.5%-ით გაიზარდა და და პანდემიამდელ დონეს დაუბრუნდა.

ახალ კვარტალურ ჩანართს ჩინეთის Lenovo Group ხსნის, რომელიც 23%-იანი საბაზრო წილით სიაში კვლავ ლიდერობს. მას, დაახლოებით, 20%-იანი წილით HP Inc მოჰყვება, ხოლო მესამეზე 15.5%-იანი წილით Dell Technologies-ია. შემდეგი Apple-ია, რომელმაც პირველ კვარტალში 14.6%-იანი ზრდა დააფიქსირა და ბაზარზე 8.1%-იანი წილი დაიკავა.

მოელიან, რომ ხელოვნური ინტელექტის მქონე კომპიუტერების ხელმისაწვდომობა მოწყობილობებზე მოთხოვნილებას გაზრდის, რაც პანდემიით გამოწვეული შესყიდვების ჩავარდნის შემდეგ პერსონალური კომპიუტერების ბაზარს გაჯანსაღებაში დაეხმარება.

IDC-ის შეფასებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში კომპიუტერებზე მოთხოვნილების დაცემას ეკონომიკურმა ლანდშაფტმაც შეუწყო ხელი. კერძოდ, მაღალმა საპროცენტო განაკვეთებმა და მდგრადმა ინფლაციამ ბიზნესსა და მომხმარებლებს სისტემის განახლება შეაჩერებინა.

როგორც ჩრდილო და სამხრეთ ამერიკაში, ასევე, ევროპაში პირველ კვარტალში ბაზრის აღდგენის გააქტიურება მეტწილად ინფლაციის შემსუბუქებამ განაპირობა. თუმცა მაგიდის კომპიუტერების უმსხვილეს მომხმარებელ ჩინეთში სისუსტე გრძელდება, რამაც მოწყობილობების გლობალურ გაყიდვებზე გავლენა მოახდინა. კერძოდ, გლობალურ ბაზარზე, განსაკუთრებით, ჩინეთში პერსონალური კომპიუტერების პოპულარობა ლეპტოპების სასარგებლოდ იკლებს.

IDC-ის Worldwide Mobile Device Trackers-ის კვლევის მენეჯერი, ჯიტეშ უბრანი ვარაუდობს, რომ ჩინეთში სირთულეების მიუხედავად, წელს აღდგენა გაგრძელდება, რადგან წლის ბოლოთვის დახლებზე ხელოვნური ინტელექტის მქონე ახალი პერსონალური კომპიუტერები გამოჩნდება, ხოლო კომერციული მყიდველები პანდემიის დროს შეძენილი კომპიუტერების განახლებას იწყებენ.

Reuters-ს კიდევ ერთი კვლევითი კომპანია Canalys-ის გასული თვის ანგარიში მოჰყავს, რომლის პროგნოზითაც, წელს აშშ-ში პერსონალური კომპიუტერების ბაზარი 7%-ით, 2025 წელს 10%-ით გაიზრდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ