„თუ ახლა ერთი დადის, მერე 3 ავტომობილს მოუწევს სიარული, რაც უფრო მეტად დატვირთავს მოძრაობას“

დისტრიბუტორთა ასოციაცია მერიასთან მოლაპარაკებებს მართავს, რომ პიკის საათში გაბარიტული ავტომობილების გადადგილება არ შეიზღუდოს. როგორც ასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონია „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, აკრძალვის პირობებში, კომპანიებს გაბარიტულის ჩანაცვლება რამდენიმე პატარა ავტომობილით მოუწევთ, რაც კიდევ უფრო დატვირთავს მოძრაობას, ამასთან, გაზრდის ხარჯს, ეს კი საბოლოოდ, ისევ პროდუქციის ფასსა და მომხმარებლის ბიუჯეტზე აისახება.

დისტრიბუტორებს მერიისგან ჯერ პასუხი არ აქვთ, თუმცა, ივა ჭყონია იმედოვნებს, რომ საკითხი დადებითად გადაწყდება.

„მერიასთან შეხვედრები გვაქვს გაბარიტული ავტო სატრანსპორტო საშუალებების შეზღუდვებთან დაკავშირებით, რომ დილის საათებში არ აიკრძალოს. ამან შეიძლება სერიოზული პრობლემები შექმნას. ახლა შეზღუდვა ეხება მხოლოდ 5 საათიდან 8 საათამდე და აქტიური მოლაპარაკებები გვაქვს მერიასთან, რომლის ფარგლებშიც, სულ რამდენიმე დღის წინ, კომპანიებმა პრეზენტაციები გააკეთეს, ვისაც გაბარიტული სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება ეხება, რამდენად გაიზრდება ხარჯი და კიდევ უფრო რამდენად დაიტვირთავს დედაქალაქს, ანუ თუ ახლა ერთი დადის, მერე 3 ავტომობილს მოუწევს სიარული, რაც უფრო მეტად დატვირთავს მოძრაობას. გარდა ამისა, ცალსახად ხარჯიც გაეზრდებათ და პროდუქციის ღირებულებაზეც აისახება. მერიის მხრიდან პასუხი ჯერ არ გვაქვს, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ დადებითი იქნება და შევძლებთ, მივაწოდოთ ბაზა იმ ავტომობილების, რომელი არის გაბარიტული, რომ დილის საათებში არ დაჯარიმდნენ“,- ამბობს ივა ჭყონია.

ნინი ქეთელაური