რამდენად მოთხოვნადია და რა ღირს ჩინეთში ტურები

საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში უვიზო მიმოსვლის შესახებ ორ ქვეყანას შორის ხელშეკრულებას ხელი ოფიციალურად მოეწერა. ვიდრე ორივე სახელმწიფოში შიდა პროცედურები არ დასრულდება, საქართველოს მოქალაქეებს სავიზო რეჟიმით სარგებლობა კვლავ დასჭირდებათ.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ Turebi.ge-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ადამიამ განუცხადა, ჯერჯერობით მგზავრებისთვის სავიზო მხარდაჭერას ისინიც აგრძელებენ.

„სტანდარტულად გრძელდება ჩინეთის მიმართულებით სავიზო მხარდაჭერა. საელჩო სტანდარტულად აგრძელებს აპლიკანტების მიღებას, გასაუბრებას და ჩაწერაც ხდება სტანდარტულად“, - ამბობს ადამია.

აღნიშნულ კომპანიას ჩინეთში ინდივიდუალური ტურები აქვს. როგორც Turebi.ge-ის აღმასრულებელი დირექტორი გვიყვება, საქართველოს მოქალაქეების მხრიდან აღნიშნულ ტურებზე მოთხოვნა დიდია. აღსანიშნავია ისიც, რომ ქართველები ჩინეთს უმეტესად საქმიანი შეხვედრებისთვის სტუმრობენ.

„საკმაოდ მაღალია ჩინეთის მიმართულებით მოთხოვნა. გვაქვს ინდივიდუალური ტურები, ძირითადად, მიდიან ხოლმე ბიზნეს ვიზიტებზე ან გამოფენებზე, ვიდრე ტურისტულად. ავიაბილეთებსა და სავიზო მხარდაჭერას უფრო მეტად ითხოვენ ჩვენი კომპანიიდან“, - განაცხადა ნინო ადამიამ.

რაც შეეხება ფასებს, ადამიას თქმით, ერთი გზა დაახლოებით 1300 ლარიდან იწყება და ღირებულება დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე.

„ერთი გზა 1300 ლარი ღირს. მერე უკვე ფასი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ავიაკომპანიას აირჩევენ მგზავრები - პირდაპირს თუ გადაჯდომით და რამდენი ხნით ადრე იყიდიან ბილეთებს. ასევე, ფასი დამოკიდებულია იმაზე, ჩინეთში იმ დროს ხომ არ ემთხვევა რაიმე ისეთი პერიოდი, რომ მოთხოვნა იყოს მაღალი“, - განაცხადა ადამიამ.

შეგახსენებთ, ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი საქართველოს მხრიდან 2023 წლის 11 სექტემბრიდან ამოქმედდა. საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების შესახებ 2024 წლის 26 თებერვალს გახდა ცნობილი. ხელშეკრულებას ხელი ოფიციალურად დღეს, 10 აპრილს მოეწერა.

მერი ტაბატაძე