გაზაფხულის მოსვლასთან და სეტყვის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, აქტუალური გახდა სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების თემაც, რაც ბევრი ფერმერისთვის საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს. საქართველოში კი ასეთ ბადეებს ფაქტობრივად, ერთადერთი კომპანია აწარმოებს.
„აგრობადემ“ სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების წარმოება გასული წლის მაისში დაიწყო. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ კომპანიის დამფუძნებელი, ავთანდილ მაისურაძე აცხადებს, ამ ერთი წლის განმავლობაში მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, თუმცა რადგან ეს მომსახურება საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, ბევრი ფერმერი თავს იკავებს.
ავთანდილ მაისურაძე: იმისათვის, რომ ვენახს ან ნაკვეთს სეტყვის საწინააღმდეგო ბადე გაუკეთო, საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, რადგან აქ მარტო ბადის თანხა არ მოიაზრება. საჭიროა ასევე ბეტონის ბოძები, მავთულები და უამრავი წვრილმანი. ჯამში, მთლიანი სისტემის დამონტაჟება საკმაოდ ძვირი ღირს. შესაბამისად, ფერმერები სახელმწიფოსგან უფრო მეტ დაფინანსებას ელოდებიან, რათა ამ მომსახურებით ისარგებლონ.
მისი თქმით, ხეხილის ბაღზე 1 ჰექტარი ბადე თავის მონტაჟიანად 55 000-60 000 ლარამდე ჯდება დღგ-ს ჩათვლით, რაც შეეხება ვენახს, აქ ბადეს მონტაჟი 13 000-15 000 ლარამდე ღირს.
„დღიურად საშუალოდ 10 ათას კვადრატულ მეტრ ბადეს ვაწარმოებთ, მაგრამ რომ იყოს მოთხოვნა, მეტის წარმოებაც შეგვიძლია“, - აცხადებს იგი.
ავთანდილ მაისურაძის თქმით, ყველაზე დიდი მოთხოვნა შიდა ქართლიდან და კახეთიდან აქვს.
რამდენიმე თვის წინ, კომპანიამ მზის ბადეების წარმოებაც დააანონსა, თუმცა ამჟამად, მისი თქმით, ეს შეუძლებელია, სანამ სახელმწიფო ფერმერებს დაფინანსებაში არ დაეხმარება, რადგან ამ შემთხვევაშიც მომსახურება საკმაოდ დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებული.