„სისტემები მოძველებულია, საკმაოდ დიდ თანხებს ვხარჯავთ“ - სამეურნეო მიწების რა ფართობია სარწყავი წყლით უზრუნველყოფილი

2025 წლისთვის სარწყავი წყლით უზრუნველყოფილი უნდა იყოს 200 000 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა - ასეთია მთავრობის 2017 წლის სტრატეგია. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ „საქართველოს მელიორაციის“ წყლის რესურსების მართვის, ენერგეტიკისა და სემეკთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი მამელ ქობალია აცხადებს, ამ ეტაპზე წყალუზრუნველყოფილია სასოფლო-სამეურნეო მიწების 163 000 ჰექტარი, ხოლო დრენირებულია 45 000 ჰექტარი.

კითხვაზე, სამეურნეო მიწების რა ნაწილია დარჩენილი სარწყავი წყლის უზრუნველყოფის გარეშე, მამელ ქობალია გვპასუხობს - იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში მიწების რეგისტრაციის პროცესი კვლავაც დაუსრულებელია, აღნიშნულ მონაცემებს უწყება არ ფლობს.

„სარწყავი ფართობი (არ იგულისხმება ამაში მელიორირება) არის დაახლოებით 163 000 ჰექტრამდე. მელიორირება ნიშნავს წყალუზრუნველყოფილ ფართობსაც და დრენირებულ ფართობსაც, ახლა ჩვენ რაზეც ვსაუბრობთ, ეს არის წყალუზრუნვეყოფილი ფართობი. რაც შეეხება დრენირებულს, ჯამში არის 45 000 ჰექტარი“, - აღნიშნა მამელ ქობალიამ.

სარწყავი წყლით ყველაზე დიდი ფართობები უზრუნველყოფილია შემდეგ რეგიონებში:

  • ქვემო ქართლი - 57 300 ჰა
  • შიდა ქართლი - 42 300 ჰა
  • კახეთი - 32 500 ჰა
  • იმერეთი - 13 000 ჰა
  • სამცხე-ჯავახეთი - 11 700 ჰა
  • მცხეთა-მთიანეთი - 6 500 ჰა

ქობალიას თქმით, სარწყავი სისტემები საქართველოში არის მოძველებული და დატვირთულია მძიმე ჰიდროტექნიკური ნაგებობებით, რისი რეაბილიტაციაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. როგორც მან აღნიშნა, პროექტები ხორციელდება როგორც ბიუჯეტიდან, ასევე მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით.

„ჩვენი სისტემები არის მოძველებული, დატვირთულია საკმაოდ მძიმე ჰიდროტექნიკური ნაგებობებით, გვირაბებით და ა.შ. ამათი რეაბილიტაცია საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ჩვენ ყოველწლიურად საკმაოდ დიდ ხარჯებს ვიღებთ ამის რეაბილიტაციაში. რაც შეეხება დაფინანსების წყაროს, ძირითადად მაინც არის სახელმწიფო ბიუჯეტი, თუმცა დონორი ორგანიზაციების დაფინანსებებიც გვაქვს. კონკრეტული მსოფლიო ბანკის მიერ საკმაოდ დიდი თანხები იქნა დახარჯული ქვემო სამგორის სარწყავ სისტემაზე, დაახლოებით 30 მლნ ლარამდე, ასევე შიდა ქართლშიც 30 მლნ ლარამდე, აქ მოეწყო ახალი სისტემები“, - განაცხადა მამელ ქობალიამ.

იხილეთ ასევე: „მივიღებთ კიდევ ერთ ხარვეზიან ტალღას“ - რა გამოწვევებია მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესში

მერი ტაბატაძე